გიგი უგულავა - რელიგიურობას რომ თავი დავანებოთ, კაცობა მოითხოვდა, თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, ვიდრე თანამდებობაზე ხარ 
გიგი უგულავა - რელიგიურობას რომ თავი დავანებოთ, კაცობა მოითხოვდა, თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, ვიდრე თანამდებობაზე ხარ 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებიც დღეს გაისმა, უკეთესი იქნებოდა, პეტრე ცაავას თანამდებობაზე ყოფნის დროს ყოფილიყო ნათქვამი და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.

მისი თქმით, შოკისმომგვრელია ის, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა.

„ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბუნებრივია, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის შოკისმომგვრელია. არ მინდა, ზედმეტად, კიდევ უფრო გავართულო მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში არის შექმნილი. ურთიერთბრალდებები, რომლებიც გაისმა, უკეთესი იქნებოდა, ყოფილიყო მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.  უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა“, – განაცხადა მან.

უგულავა ამბობს, რომ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, პეტრე ცაავას ბრალდებებს სხვანაირად უყურებს.

„მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მეუფე პეტრეს მიერ გაცხადებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ, კერძოდ, პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, არის ეს პრობლემა, მათ შორის, ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა. როგორც იკვეთება, სულ მცირე, ეს ფარისევლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან“, – აცხადებს უგულავა.

ამასთან, უგულავას თქმით, მსგავსი ფაქტები ბოლო ჟამისთვის არის დამახასიათებელი.

„რაც შეეხება თავად ამ ფაქტს, სამწუხაროდ, ჩვენ ესკატოლოგიური ბოლო ჟამის მომსწრე ვართ. როგორც წესი, ინსტიტუტები, რომლებიც შუა საუკუნეობრივი მეთოდებით იმართებიან, სადაც სიახლე არ ხდება და 40 წელიწადია, პრაქტიკულად, ოთახი არ ნიავდება, ფიგურალურად რომ ვთქვათ. ასეთი რაღაცეები ბოლო ჟამს არის დამახასიათებელი – ინტრიგები, ჩაშვებები, დაპატიმრებები, საშინელი მხილებები და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართვის ის ფორმა რომელიც ეკლესიაშია, სამწუხაროდ, არათუ მოძველებულია, არამედ საერთოდ გასულია ყოველგვარი მომსახურების ზონიდან“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე შეფასებით, მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე, რაც საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემა უნდა იყოს.

„ჩვენთვის, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ კვლავ მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. მეტსაც გეტყვით, თუ რამით აშანტაჟებს ქართველ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული „ეფესბე“, ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ“, – აცხადებს უგულავა.

ის მიიჩნევს, რომ პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსურადვე უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები.

„პირველი – უნდა მორჩეს დევნა სექსუალური ნიშნით ადამიანების, რის ავანგარდშიც, სამწუხაროდ, ჩვენ ეკლესიის დიდ ნაწილს ვხედავდით;’ მეორე – უნდა გადაიხედოს ჩვენი ეკლესიის ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან. ეს ტაბუები უნდა მოიხსნას, თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ საქართველოს ეკლესია იყოს ღვთისა და ერის სამსახურში და არა ოკუპანტის სამსახურში“, – განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს თემებია მთავარი.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, გაცხადებული ბრალდებების საფუძვლები სხვაგან დევს.

„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, მე არც გავიმეორებ, რადგან ამის საფუძვლები სხვაგან დევს და ელემენტარულად, თავი რომ დავანებოთ რელიგიურობას, კაცობა მოითხოვდა იმას, რომ თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, სანამ თანამდებობაზე ხარ და არა მერე, როცა თანამდებობიდან გაგიშვებენ, მაგრამ ეს იყო აისბერგის წვერი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.  წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

ასევე, პეტრე ცაავას ცნობით, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.