გიგი უგულავა - რადიკალური, კონსტიტუციური, ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რათა ვიგინდარა მამონა ჩამოშორდეს ქვეყანას
გიგი უგულავა - რადიკალური, კონსტიტუციური, ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რათა ვიგინდარა მამონა ჩამოშორდეს ქვეყანას

დამპალი ვაშლივით არის ივანიშვილი, სადაც მივიდა, ყველაფერი დაალპო, ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი გააუფასურა, ყველა შეურაცხყო, არ არსებობს ამისი დარჩენა, ან წავა, ან ის წავა ცუდად, მეტი არჩევანი არა აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რადიკალური, კონსტიტუციური ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ვიგინდარა მამონა, გადაღებილი მელია, ჩამოშორდეს ქვეყანას.

„ჩვენ ახლა ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. სრული ერთსულოვნებაა, რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, იმას, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას სტანჯავს. ყველამ უნდა გავიაზროთ, ვიდრე ივანიშვილი იქნება, იქნება ქაოსი და ვიდრე ქაოსი იქნება ამ ქვეყანაში, არც ინვესტიცია ჩაიდება, არც ვინმეს ხელფასი გაიზრდება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, გვინდა კეთილდღეობა? გვინდა მეგობრებო, განვითარება? გვინდა წინსვლა? მაშინ უნდა მოვაშოროთ ეს ვირეშმაკი აქედან. ამ გასაღებს ახლა მე პოლიციელებს გადავცემ და გაუგზავნონ. ეს არის თქვენი გასაღები, რომლითაც ეს ვირეშმაკები მიაკარით იქ, სადაც იყვნენ მთელი დღის განმავლობაში მიკრულები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავა აქციის მონაწილეების დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი რურუას დაკავება უკანონობაა.

„მინდა, მხნეობა ვუსურვო ჩვენს მეგობარს, გიორგი რურუას. ვინც არ იცნობთ, ის არის ჩვენი გარდაცვლილი თანამებრძოლის, ნიკა რურუას ძმა. ის, როგორც რიგითი ჯარისკაცი, მთელი ზაფხული აქციაზე 19:00 საათზე მოდიოდა თავის ლამაზ ცოლ-შვილთან ერთად, იჯდა ამ კუთხეში და ბოლო მიდიოდა. ცოლთან და პატარა წლინახევრის შვილთან ერთად. გუშინაც მთელი ღამე აქ იყო. აი, ეს არის მათი მეთოდი. თქვენ, პოლიციელებო, მინდა მოგმართოთ, ეს ადამიანი დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ნუ ლაპარაკობთ, რომ ადამიანის გამო მოვიდა „ქართული ოცნება“. როგორც კი გაგიჭირდათ, ყველა რჯულის ძალადობა ჩაიდინეთ. ყველა დაამცირეთ, საქართველო შეურაცხყავით და კიდევ აგრძელებთ აქ დგომას. რიგით პოლიციელებს გეუბნებით, თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება. თქვენი ამოცანა არის კანონის მსახურება. ან მოემსახურებით კანონს, ან ეს ვიგინდარა მიგატოვებთ პირველ რიგში. დარჩებით მარტო გაშიშვლებული კანონის წინაშე და ამას მიხედეთ. ჩაალაგეს სპეცრაზმელები „გალერია თბილისის“ წინ, ჩვეულებრივი ადამიანები ამოდიოდნენ მეტროდან და უყურებდნენ გამწარებული, გაგიჟებული რა ხდება? სინამდვილეში ამ კაცმა გადაწყვიტა ერთი რამე, ძალის დემონსტრირება. ვინ? ივანიშვილი ქართველ ხალხს ძალის დემონსტრირებით აშინებს. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ცოტა ხანში კიდევ ერთხელ დაანონსდება მასშტაბური აქციის თარიღი.

„გამოვაცხადებთ პიკეტებს, სად იქნება პიკეტი, სად იქნება მწარე პიკეტი, სად არ შევუშვებთ, ვის არ შევუშვებთ და რატომ არ შევუშვებთ. ამათ ტყუილად ჰგონიათ ახლა რომ ჩავატარეთ ბიურო, აგერ დაიწყებთ ახლა იმ მონსტრი მოსამართლეების დამტკიცებას და ვნახავთ, რას იზამთ, სისხლის ფასი დაგიჯდებათ ყველაფერი ის, რასაც აკეთებთ. არ მოგცემთ სასამართლოს, არ მოგცემთ ამ ქვეყანას, არ მოგცემთ ამ ქალაქს, რადგან ჯიჯგნით და ყველაფერს აფუჭებთ. დამპალი ვაშლივით არის ეს ივანიშვილი, სადაც მივიდა ყველაფერი დაალპო, ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი გააუფასურა. ყველა შეურაცხყო, არ არსებობს ამისი დარჩენა აქ, სადაც არის. ან ის წავა, ან ის წავა ცუდად, მეტი არჩევანი არ აქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.