გიგი უგულავა „ქართულ ოცნებაზე“- ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ
გიგი უგულავა „ქართულ ოცნებაზე“- ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, თუ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ჩაშლიან, კონსტიტუციის მიხედვით, 45 დღის ვადაში განმეორებითი არჩევნები ინიშნება.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ტარდება.

„თუ ეს თავსმოხვეული, ძალადობრივი, უსამართლო არჩევნები გამოცხადდა ჩაშლილად, 45 დღეში უკვე კონსტიტუციის მიხედვით, ინიშნება პროპორციული, სამართლიანი არჩევნები. რომ არა ეს გარემოება, შეიძლება, ამაზეც არ მეფიქრა. ეს არის ძალიან გრძელვადიანი იდეა, რომელიც აქედან ერთ წელიწადს გულისხმობს. ეს არის პირადი აზრი და ამ აზრს ჩემს თანაპარტიელებთან და სხვა კოლეგებთან გავაჟღერებ. ახლა მთავარია, ვფოკუსირდეთ დღევანდელ დღეზე, დღევანდელ აქციაზე. ჩვენ ვხედავთ, რა დღეში არის ივანიშვილი, პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რაც მათ კანონით ევალებათ -კრიმინალმა შეჭამა, ტილივით მომრავლდა. ასობით პოლიციელი კი უბრალოდ უსაქმურობს, სემიჩკას ჭამს, რადგან ასეთი იდიოტური დავალება აქვთ მიცემული. იტაცებენ ადამიანებს, იტაცებენ გასათბობ საშუალებებს, ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ. აი ეს მახსენდება, რაც არ უნდა მოიფიქროთ, რაც არ უნდა გაიძვერობა გააკეთოთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც წააგებთ, რადგან ასეთია ხალხის ნება. ხელისუფლებაში ვინც გადაწყვეტს, მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძოლოს და არა ხალხისთვის, ის აუცილებლად დაკარგავს ამ ძალაუფლებას“ ,- განაცახადა გიგი უგულავამ.