გიგი უგულავა - ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის ლოგიკის ნაწილი, სააკაშვილი, რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, აუცილებლად დაბრუნდება
გიგი უგულავა - ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის ლოგიკის ნაწილი, სააკაშვილი, რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, აუცილებლად დაბრუნდება

ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის ლოგიკის ნაწილი, ამიტომ ადამიანი, რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში. ასე არის ათასწლეულებში. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაბრუნდება. ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება ასე და მას არ აქვს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება და უფლება, – ამის შესახებ გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თუ მიიღებს დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მისგან ეს იქნება ვაჟკაცური და ადეკვატური ნაბიჯი.

„რა, როგორ მოხდება ეს უკვე დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე. ეს ასევე დამოკიდებულია, ოდნავ მაინც ეყოფა თუ არა კეთილგონიერება მმართველ ძალას და ა.შ. ფაქტი არის ერთი, რომ ჯერ კიდევ ჟანრის ლოგიკა მოითხოვს, როდესაც ოდისევსი წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება. ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის ლოგიკის ნაწილი, ამიტომ ადამიანი, რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში. ასე არის ათასწლეულებში. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაბრუნდება. მისი დაპატიმრების შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს უსამართლობა, პოლიტიკური დევნა, ხმა უნდა ამოიღოს და გააპროტესტოს პოლიტიკური დევნა და ეს რა თქმა უნდა, უნდა მოითხოვოს, როგორც ჩემს და სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევაში ითხოვდნენ. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია აქამდე არ მივა“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ მთავარი, თუ გვინდა, რომ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ამისთვის ყოველი წინა ხელისუფალი არ უნდა იდევნებოდეს ან ციხეში, ან გადასახლებაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია თანაცხოვრების ფორმების მოძებნა, რაც არ უნდა არ გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც ბიძინა ივანიშვილსაც და ნებისმიერ ხელისუფალს და ხელისუფლებას. სხვათაშორის, უფრო მეტად ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი ზამბარას ძალიან თუ გაწელავს, ის მას მოხვდება ცხვირში. ჩვენ გვინდა ისეთი სისტემის შექმნა ამ ქვეყანაში, სადაც ყველას ექნება თანაარსებობის შესაძლებლობა და ამავდროულად, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება და არ იქნება ისე, როგორც ვხედავთ შერჩევით, აბსოლუტურად გაუფასურებულ სამართალს, ჯიბეში ჩასმულ მოსამართლეებს, რომლებიც რასაც უნდა იმას აკეთებენ, ასევე პროკურატურა, რომელიც კიდევ უარეს რაღაცებს სჩადის. ამიტომ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება. ეს გარდაუვალი მოცემულობაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ისწავლოს, რომ გადამალვით, გაგდებით კი არ უნდა მოიგოს არჩევნები, არამედ უნდა მოიგოს თავისუფალ კონკურენციაში, თუ ამის უნარი კიდევ დარჩა, მაგრამ როგორც ხედავთ, არ გააჩნია“, – განაცხადა უგულავამ.

დატოვე კომენტარი