გიგი უგულავა - ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტები არ მოგვწონს, მაგრამ ოპოზიცია არა იდეოლოგიის, არამედ პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა
გიგი უგულავა - ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტები არ მოგვწონს, მაგრამ ოპოზიცია არა იდეოლოგიის, არამედ პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა

ნინო ბურჯანაძე მანამდეც დადიოდა რუსეთში, ახლაც წავიდა და სავარაუდოდ ხვალაც წავა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავა ამბობს, რუსეთში ბურჯანაძის ვიზიტები არ მოსწონს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არა იდეოლოგიის, არამედ პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა.

„ჩვენ ეს ბუნებრივია, არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ იქ არ გავერთიანებულვართ იდეოლოგიის გარშემო, იქ არის პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანება, წერტილი. იმის იქით ჩვენ იქ საერთო არაფერი არ გვაქვს ბევრთან, ისევე როგორც მათ ჩვენთან. ბნელ ოთახში კატის ძებნა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია“,- აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ერთობა აშინებს.

„ივანიშვილს აშინებს ზუსტად ეს ერთობა, რომელიც შედგა პროპორციულთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მის გარშემო გააერთიანა მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტრი, დღესაც ბატონმა ივანიშვილმა გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი, ოღონდ თავის თავის წინააღმდეგ. ეს პროცესია და ვიდრე შედეგი არ იქნება, ერთ მაგიდასთან ვისხდებით, ეს ერთობა მიაღწევს იმას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ნორმალური არჩევნები“,- განაცხადა გიგი უგულავამ.