გიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე რუსეთთან საუბარსაც ურჩევს
გიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე რუსეთთან საუბარსაც ურჩევს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან საუბარს ურჩევს.

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ეპიცენტრი სოჭშია, ფაროსანა კი, საზღვრებს არ ცნობს.

„მოსაკითხია ასევე, რა ხდება ამ კუთხით აფხაზეთში”, – განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ  აუცილებელია საუბარი თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც.

ამასთან, უგულავა მიიჩნევს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნდა ხელმძღვანელობდეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

დეპუტატები ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებისა და ძალოვანების ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს ამ თემაზე კითხვა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაუსვა. თალაკვაძე ამბობს, რომ რეგიონებში ადამიანური რესურსის დეფიციტია. აკაკი ბობოხიძემ კი, ამ კონტექსტში ჯარი და პოლიცია ახსენა. ის მიიჩნევს, რომ მთავრობის რეაგირება დაგვიანებულია. „ფაროსანა კალენდარს არ უყურებს. თბილი ზამთარია და ამ პრობლემასთან პირველი შეჯახება ძალიან მალე მოგვიწევს“,  – აღნიშნა ბობოხიძემ.