გიგი უგულავა - მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო „ვარდების რევოლუციის“, ასეთ მარაზმამდე დაეცა
გიგი უგულავა - მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო „ვარდების რევოლუციის“, ასეთ მარაზმამდე დაეცა

ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი. მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო „ვარდების რევოლუციის“, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ასეთ მარაზმამდე დაეცა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელი, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. ეს იყო სრული სიცრუე. არასდროს მას არავინ არ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც, წინააღმდეგნი ვიყავით, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო შავი ჯიპების ჩამორიგება რომ გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ლევან ვასაძისგან“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ბოლო სამ თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების სამი შემთხვევა ნახა საზოგადოებამ.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ბოლო სამ თვეში, ჩვენ ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების სამი შემთხვევა. პირველი, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ჯვრით ხელში მომავალი – ფარისევლობა ნომერი ერთი. მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა ისე დაიარებოდა ქუჩაში – ფარისევლობა ნომერი ორი და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად – ფარისევლობა ნომერი სამი.

ეს ყველაფერი ნამდვილად სამარცხვინოა. მინდა მას შევახსენო – მას, როგოც ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება აეხილოს თვალი, დაინახოს ღვთის სხივი, წვიმა ეგონოს ზეციური მანანა, უბრალოდ მინდა შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა და იქამდე ნუ მივა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და როგორც სახარებაშია ნათქვამი, აი ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშვილის რიტორიკის ამარა. ჩემთვის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იყო ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება. მინდა, შევახსენო მიხეილ სააკაშვილს – მესამე მცნება ამბობს, „არა მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.