გიგი უგულავა - მინდა, მოვიწონო, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმ მოძალადე კოდალას მოარტყა ყბაში, 30 კაცი რომ ერთს დაეცემა და ერთი ხელს მოიქნევს, ეს მხოლოდ ამ ერთის ღირსებაზე მეტყველებს
გიგი უგულავა - მინდა, მოვიწონო, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმ მოძალადე კოდალას მოარტყა ყბაში, 30 კაცი რომ ერთს დაეცემა და ერთი ხელს მოიქნევს, ეს მხოლოდ ამ ერთის ღირსებაზე მეტყველებს

სტრასბურგმა გუშინ თქვა, რომ ეს კაცი შიმშილობს, თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთ მის ჯანმრთელობას, დღეს გამოაგდეს კადრები, რითაც უნდოდათ, ენახებინათ, რომ ეს კაცი არის ჯანზე და არ ჰგავდა ნაშიმშილებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„კადრები, რომლებიც იუსტიციის რეგვენმა მინისტრმა გაავრცელა, კიდევ ერთხელ მეტყველებს რაზე, პირველი, რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს წესი, კანონი და არაფერი, რადგან მიდიან კანონის შეგნებულ დარღვევაზე. როგორც ექიმის კაბინეტში, ასევე თვითონ საკანში და უკვე დღეს, აი, ეს ძალადობრივი კადრები მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ გვეუბნებიან უტიფრად, ისევე, როგორც გუშინდელი დაჭერები, სასამართლო როგორ უტიფრად იქცეოდა, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ, რადგან პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება არის პირდაპირ დანაშაული“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დღეს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები ეწინააღმდეგება ხელისუფლების წარმომადგენელთა გუშინდელ განცხადებებს.

„მეორე, ლოგიკას ნუ ვეძებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. ჩვეულებრივ მოქალაქეს ექნება შეკითხვა – რატომ გამოაქვეყნეს ეს კადრები, რაში დასჭირდათ, გუშინ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ, გუშინ ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან და ამისი კადრები გვანახეს. აბა, თუ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან, მაშინ გლდანში რატომ გაჭედა, ე.ი. მოტყუებით წამოიყვანეთ, მაგრამ ამასაც ლოგიკა აღარ აქვს, გუშინ რას ეუბნებოდნენ ხალხს, აღარ აინტერესებთ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით, ნარკოტიკს აწვდის თავისსავე მომხრეებს. გუშინ სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს ეს კაცი, თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთ მის ჯანმრთელობას, დღეს გამოაგდეს ეს კადრები, რითაც უნდოდათ, ენახებინათ, რომ ეს კაცი არის ჯანზე და არ ჰგავდა ნაშიმშილებს. ბოლო საკითხი, მინდა, მოვიწონო და მივესალმო იმას, პირდაპირ გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმ მოძალადე კოდალას, 30 მოძალადე რომ იყო, მოარტყა ყბაში. ძალადობა არის სახელმწიფოს მხრიდან და გეუბნებით, მინდა, მივესალმო, ადამიანი, რომელიც 40 დღე შიმშილობს, რომელსაც მოტყუებით წაიყვანენ ფსიხუშკაში და საგიჟეთში, რათა ფსიქოლოგიურად გატეხონ იქ, სადაც პატიმრებით უწყობენ „შუმოკს“ და კიდევ იმ დუხზე რომ არის, ამ მოძალადეებს მოარტყას ყბაში, ეს არის სწორედ გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ მიუხედავად დაჭერებისა, მიუხედავად ამ საზიზღრობისა, კანონის სრული უგულებელყოფისა, უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და 30 კაცი რომ ერთს დაეცემა, ერთი რომ ხელს მოიქნევს, ეს მხოლოდ ამ ერთის ღირსებაზე მეტყველებს და არა იმ 30-ის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.