გიგი უგულავა - მცირე მთავრობის კონცეფცია მამუკა ბახტაძემ არც თუ ისე გასაგები ფორმით იმიტომ წარმოადგინა, რომ ეს საკითხი მისთვისაც არც თუ ისე გასაგებია
გიგი უგულავა - მცირე მთავრობის კონცეფცია მამუკა ბახტაძემ არც თუ ისე გასაგები ფორმით იმიტომ წარმოადგინა, რომ ეს საკითხი მისთვისაც არც თუ ისე გასაგებია

მცირე მთავრობის კონცეფცია მამუკა ბახტაძემ არც თუ ისე გასაგები ფორმით იმიტომ წარმოადგინა, რომ ეს კონკრეტული საკითხი მისთვისაც არც თუ ისე გასაგებია, ისევე როგორც ის, რომ საქართველოს პრემიერი, რეალურად, სრულფასოვანი მმართველი ხდება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ მგონია, ეს ბახტაძეს, ან დანარჩენ მინისტრებს გაცნობიერებული ჰქონდეთ. მცირე მთავრობის კონცეფცია მემარჯვენე კონცეფციაა, რაც ეკონომიკასა და პოლიტიკაში სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობას ამცირებს და როდესაც შენ ენის პალატას, თუ ათასგვარ ინსპექციებს ქმნი და რეგულაციებს იგონებ, ეს მცირე მთავრობის ნაწილი არ არის“, – განაცხადა უგულავამ.

ამ განცხადებით გიგი უგულავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეიძლება, ახალმა პრემიერ-მინისტრმა მცირე მთავრობის კონცეფცია წარმოგვიდგინოს, თან არც თუ ისე გასაგები ფორმით.

გიგი უგულავას თქმით, მოსახლეობის 55%-მა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მამუკა ბახტაძე და დანარჩენი მინისტრები. 

„საზოგადოებას სურს, მარტივად გაიგოს, მის თავს რა უბედურება ხდება, რადგან ასეთ მინისტრთა კაბინეტს ასვამენ თავზე. დღეს ეკონომიკის ახალ მინისტრს ვუსმენდი, რომელიც ისეთ რაღაცებს ამბობდა, მცირე მთავრობასთან არანაირ კავშირში რომ არ არის და პირიქით, ეწინააღმდეგება“, – განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ღარიბები ნელა, ეტაპობრივად მდიდრდებიან, ანუ სიღარიბიდან ამოდიან.

„ამათ სურთ, მდიდრებს წაართვან. ჩვენი ამოცანა ის უნდა იყოს, ხალხი სიღარიბიდან ამოვიყვანოთ და არა ის, რომ მდიდარი გავაღარიბოთ. „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება ეს არის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.