გიგი უგულავა - მაჟორიტარულ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ოლქებს გავიყოფთ, ხმებს არ წავართმევთ ერთმანეთს
გიგი უგულავა - მაჟორიტარულ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ოლქებს გავიყოფთ, ხმებს არ წავართმევთ ერთმანეთს

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებენ, რათა ხმები არ წაართვან ერთმანეთს.

როგორც გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა, მაჟორიტარებისა და მერების არჩევნებზე „ევროპულ საქართველოს“ კოორდინაცია აქვს სხვა პროევროპულ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით, მაგრამ ვინაიდან ასეთი არჩევნები არსებობს, ვალდებული ვართ, ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ, ერთმანეთს ხმები არ წავართვათ და კოორდინაცია გვქონდეს. კოორდინაცია იმას გულისხმობს, რომ არსებულ ოლქებს, ასე ვთქვათ, ვიყოფთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები პრაქტიკულად, დავასრულეთ. მაგალითად, ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ, რომ ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ მას კანდიდატს არ დავუყენებთ. თუ ვინ იქნება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ზუსტად ასეთივე შეთანხმება არსებობს მთაწმინდასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაარჩიოს საზოგადოებამ ისინი ერთმანეთისგან და სად უნდა დაინახოს მათ შორის სხვაობა, თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატები ეყოლებათ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მათ ღირებულებითი სხვაობა აქვთ, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა აგინონ და გაშორებული ცოლ-ქმარივით არ უნდა ეურთიერთონ.