გიგი უგულავა - კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა და ოროსანი ხელისუფლებისთვის ეს კომპლიმენტია
გიგი უგულავა - კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა და ოროსანი ხელისუფლებისთვის ეს კომპლიმენტია

კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია, რადგან ოროსანი ხელისუფლებისთვის, სამოსანი კომპლიმენტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ახალი ხელისუფლება როდესაც ხარ, ბევრი რაღაც გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ, აღარაფერი აღარ გეპატიება, მაშინ მითუმეტეს, როდესაც წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს. ახლა მეკითხებოდნენ, როგორია შენი წარმოდგენა, როგორ იმუშავეს ამ კორონავირუსის დროსო. კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია, რადგან ოროსანი ხელისუფლებისთვის სამოსანი კომპლიმენტია. ზოგადად, სკოლიდან ალბათ გახსოვთ, როგორი უტიფარი თვითკმაყოფილი სახე აქვს ხოლმე ოროსანს, როცა სამიანს მიიღებდა. დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავთ ხოლმე დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში. ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს. განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ადამიანებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და არჩევანის თავისუფლება ადამიანს აძლევს პასუხისმგებლობას.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელიწადში შედის სრულიად ახალი პოლიტიკურ ცხოვრებაში. იქნება მრავალპარტიული სისტემა. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, მაინც არსებითად მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, დაპირისპირებულების შეთანხმებას, რაც გამორიცხავს ერთამენთში თავში აგურის რტყმევას, გამორიცხავს ციხეებსა და პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე“, – განაცხდა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება.

„პირველ რიგში ეკონომიკა არის მისახედი და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე პრობლემებს ველოდები მე. ჩვენი პარტია „ევროპული საქართველოს“ პროგრამა რეალურად ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამაა, რადგან სხვა დანარჩენი ძირითადად სოციალური პროგრამებია. ზოგი ვარგა, ზოგი არ ვარგა, მაგრამ სოციალური ცეცხლის ჩაქრობით, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, დამწვარი სახლი ხანძრის ჩაქრობით ვერ აღდგება. ეკონომიკა არის ამ წუთას დამწვარი სახლივით და მას სჭირდება აბსოლუტურად ახალი ცემენტი, ახალი აგური, ახალი პროექტი და ახალი იდეა. შესაბამისად, ამას ეს ხელისუფლება ვეღარ გააკეთებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.