გიგი უგულავა - ხელისუფლების პროპაგანდა ეფუძნება იმას, რომ ანახონ საზოგადოებას, თითქოს მთლიანად მაჟორიტარული სისტემა უფრო მისაღებია
გიგი უგულავა - ხელისუფლების პროპაგანდა ეფუძნება იმას, რომ ანახონ საზოგადოებას, თითქოს მთლიანად მაჟორიტარული სისტემა უფრო მისაღებია

სახელისუფლებო პროპაგანდა ახალ სიმაღლეზე ავიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას ანახოს, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო მისაღებია.

„თუ ერთი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, რომ პროპორციული ნამდვილად სჯობს და სამართლიანია, უბრალოდ წუხილს გამოთქვამდნენ, რომ არ გავიდა, დღეს უკვე მათი პროპაგანდა ეფუძნება იმას, ანახონ საზოგადოებას, თითქოს მთლიანად მაჟორიტარული სისტემა უფრო კარგი და უფრო მისაღებია. არ იღლებიან, ხელმოწერების შეგროვებაც დაუწყიათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მოსახლეობის 78 პროცენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ავუხსნათ, რა წაართვა ივანიშვილმა, რატომ მოატყუა და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია სამართლიან სისტემას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასამართლო არ იქნება სამართლიანი, სანამ სამართლიანად არჩეული პარლამენტი არ აირჩევს მას. ამიტომ პარლამენტის არჩევა, რომელიც არის ხელისუფლების წყარო ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საზოგადოებაში სამართლიანობის განცდისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც ის ამბობს, სურვილის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს.

„გამოსავალი არსებობს, გამოსავალი არის მაგიდაზე. თუ უნდათ, გამოსავალს მოძებნიან. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ მაჟორიტარები აქტიურობენ და პირიქით, მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა სურთ. ნიშანდობლივი დამთხვევაა, ანალოგიური პროცესი და ანალოგიური ტიპის დეპუტატები რუსეთის „გოსდუმაში“ აქტიურობენ და ასევე შერეულიდან მხოლოდ მაჟორიტარულზე გადასვლა უნდათ. სულ რომ არ იცოდნენ ჩვენმა კოლექტიურმა ხუნდაძეებმა ეს ამბავი, როგორც ჩანს, რაღაცნაირი მენტალური და სულიერი კავშირი არსებობს მათ შორის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.