გიგი უგულავა - კადიროვის განცხადება მუქარის დადასტურება და გამეორებაა, სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნოს
გიგი უგულავა - კადიროვის განცხადება მუქარის დადასტურება და გამეორებაა, სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის გუშინდელი განცხადება მუქარის დადასტურება და გამეორებაა.

გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა რამზან კადიროვის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაიჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ“.

გიგი უგულავა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ საფრთხე არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

„კადიროვის გუშინდელი განცხადება არის მუქარის დადასტურება და განმეორება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გაბუნიას ის დაემუქრა მაშინ, როცა ინციდენტი იყო, ეს არის მუქარის გამეორება. როდესაც ადამიანი იძახის, რომ ჩემი დავალებები მუდმივად სრულდება, ეს არის ჩვეულებრივად მუქარის გამეორება. კადიროვის დავალებების შესრულება – ჩვენ ვხედავთ რუსეთის გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში მოკლულ ადამიანებს, დიახ, და, მათ შორის, კადიროვის ჩავარდნილი ოპერაციებიც იცის ისტორიამ. ასე რომ, საამაყო ამაში არაფერია, ეს ყველაფერი არის საგანგაშო და მინიმუმ სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ოფიციალურად ასი პროცენტით, ახლა კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით ასახელებენ, რომ ეს არის გაბუნია, იგივე სუს-ის განცხადებიდან, იგივე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებიდან, მაგრამ არ ამბობენ და ამითი ამართლებენ იმას რომ, სამი დღეა, ასეთი სკანდალი მიდის და ერთი კაცი არ დაკავშირებია გაბუნიას.

თუ საფრთხე არის, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, არც შეუტყობინებიათ, არც დაცვა გაუძლიერებიათ, არაფერი გაუკეთებიათ, ვითომ არაფერი ხდება. ეს ერთი რომ უკანონოა და მეორე – უსინდისობაა“,- განაცხადა უგულავამ.

უგულავას განმარტებით, 30-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება, ივანიშვილის სახით, საქართველოს პარტნიორებმა დესტაბილიზაციის ფაქტორად გამოაცხადეს.

„საქართველოში 30-წლიანი გამოცდილება, ხელისუფლებები, რომლებიც ბოლო მომენტში იმყოფებიან, ყოველთვის საუბრობენ და თავის თავს აიგივებენ სტაბილურობასთან, ოპოზიციას აბრალებენ დესტაბილიზაციას, პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება, ივანიშვილის სახით, ჩვენმა პარტნიორებმა დესტაბილიზაციის ფაქტორად გამოაცხადეს რუსეთის სასარგებლოდ, ეს 30-წლიან ისტორიაში, მართლაც, პირველად მოხდა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე რეაგირება სამარცხვინოა.

„ჩვენ გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც გაბუნიამ ის უხამსი ფრაზები იხმარა, გამოვარდა და საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს მოუწოდა, დაგმეთ ჩემი ქვეყნის კერძო ტელევიზიის ერთი ჟურნალისტის თუნდაც უხამსი გამონათქვამი, ეს, საერთოდ, მწვერვალი იყო იდიოტიზმისა და ანტიდიპლომატიის. ახლა ჩვენ გვყავს იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი და იგივე სამინისტრო, რომელიც ამ თემაზე მიკიბულ-მოკიბულ განცხადებებს აკეთებს და საუბრობს, ვის შეიძლება სურდეს ან ვინ შეიძლება იდგეს უკან, ვის შეიძლება აწყობდეს მაშინ, როდესაც საუბარია, რომ დაქირავებული მკვლელი შენს ქვეყანაში აპირებდა მოეკლა ცნობილი ჟურნალისტი. აი, ასეთი არადეკვატურია ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას აქვს ორი ობსესია, ერთი – ეს არის ოპოზიცია და ყველაფერი უნდა დააბრალო ოპოზიციას და მეორე – ეს არის რუსეთი, არაფერი არ დააბრალო რუსეთს და არაფერი არ თქვა რუსეთზე. ანუ, ყველაფერი თქვი ოპოზიციაზე და არაფერი თქვა რუსეთზე. აი, ეს არის კრედო ივანიშვილის ხელისუფლების“,- განაცხადა გიგი უგულავამ.