გიგი უგულავა – ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს გამოძიების სტანდარტები საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ ნიკა მელიას საქმემ მოლოდინებს გადააჭარბა

14:54, 27.06.2019

ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს გამოძიების სტანდარტები მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ როდესაც ნიკა მელიას საქმე ვნახე, ჩემს მოლოდინებსაც და დაკვირვებასაც გადააჭარბა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიგი უგულავას შეფასებით, ნიკა მელიას საქმე აგებულია პოლიციელებსა და ცრუ მოწმეებზე.

„ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს გამოძიების სტანდარტები მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ როდესაც ნიკა მელიას საქმე ვნახე, ჩემს მოლოდინებსაც და დაკვირვებასაც გადააჭარბა. მთელი საქმე სამი პოლიციელის და სამი ვითომჟურნალისტის ჩვენებაზეა აგებული, რომელის სახელი და გვარი ჟურნალისტებს მაღალი ალბათობით არ გაგიგიათ. მეტი არანაირი მტკიცებულება არ არის.

ამ საქმესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ივანიშვილი საკუთარ მოსახლეობას დასცინის. უნდა, რომ ისრები გადაიტანოს, მელიას ან ოპოზიციის ლიდერებს შეატენოს ის, რაც არასდროს არ „გაპრავდება“. რუსთაველზე ასეთი რამე არც ადრე „გაპრავებულა“  და რაც არ უნდა სამართლებრივად შეაკოწიწო, არც ახლა გაპრავდება. ამიტომ, ვიდრე აქციის მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, მანამდე ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ერთ-ერთი სამარცხვინო და ტრაგიკული ფურცელი არ დაიხურება. დადგება დრო და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება სასტიკი დარბევის და დათვის ტყვიების სროლის შესახებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მსგავსი