გიგი უგულავა ზუგდიდში გიული ალასანიას შესაძლო კანდიდატობაზე - გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი, მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას
გიგი უგულავა ზუგდიდში გიული ალასანიას შესაძლო კანდიდატობაზე - გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი, მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას

უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რადგან საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას: „ფაქტობრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის გიული ალასანია იბრძოლებს, როგორი ტიპის გამოწვევაა ეს თქვენთვის“.

უგულავას შეფასებით, გიული ალასანია სიმბოლური კანდიდატი იქნება, თავად კი რეალურ პრობლემებთან ბრძოლას აპირებს.

„არ მინდა, წინსწრებით ვისაუბრო ფაქტებზე, რომლებიც არ შემდგარა ან შედგება, თუ არ შედგება. დაასახელებენ კანდიდატს და შემდეგ გვექნება საუბარი ამაზე. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რადგან საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა.

ვერ ვგრძნობ იმას, რომ ის ცვლილელები და გარდამტეხი ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ამას პასუხობს. ეს უფრო კონსერვაციაა, ეს უფრო ამომრჩეველზე ცოტა ზემოდან ყურებაა.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად გამოიყურება. ერთი, შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, კორუფციასთან, სიდუხჭირესთან და იმ უბედურებასთან, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და რაც ყოველდღიურად უფრო მძიმდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი გეგმა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.