გიგი უგულავა - გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება ძალაში არ არის, თუ დღეს პატარას დავთმობთ, არჩევნებზე უბედურებას მივიღებთ
გიგი უგულავა - გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება ძალაში არ არის, თუ დღეს პატარას დავთმობთ, არჩევნებზე უბედურებას მივიღებთ

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარტიები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და საარჩევნო საკითხებზე იმსჯელებენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, სანახევროდ შესრულებული შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს.

მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება არ არის ძალაში, არ არის მთლიანად შესრულებული. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს მანამდე, ვერ დაუჭერს მხარს, ვიდრე შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული.

შეთანხმების მთლიანად შესრულება ნიშნავს პრევენციას იმისას, რომ ივანიშვილმა ისეთივე არჩევნები არ ჩაატაროს, უარესი არ ჩაიდინოს, რაც გააკეთა მეორე ტურში. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში, რადგან თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, ჩვენ მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, რადგან ამ ადამიანს ასეთი ენა ესმის. გამივიდა? გავალ თავს. ამიტომ ამას უნდა შევხედოთ, პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის, პრევენციას უკეთესი მომავლისთვის, რადგან თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და შემდეგ გვიანი იქნება. ამიტომ, სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიყოთ მტკიცედ. მტკიცედ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება არის ძალაში. ის უნდა შესრულდეს, რურუა უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა უგულავამ.