გიგი უგულავა - „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, ვიდრე არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები

ბიძინა ივანიშვილს აქვს ფული, ძალაუფლება, მაგრამ აღარ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს ნამუსი, არ აქვს ამ ქვეყანაში თანამდებობაზე დარჩენის უფლება, გადამგდები უნდა გადავაგდოთ, გადამგდები უნდა წავიდეს, მოშორდეს და ვინც ამას წინ აღუდგება, გადაიჩეხება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში არის მორალური კრიზისი და შეუძლებელია ამის ატანა.

„ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის მორალური კრიზისი, რადგან საუკუნის მზაკვრობა, რომელიც მან იკადრა, საუკუნეები გაყვება ამ ქვეყანას, როგორც ტკივილი. ეს არ იქნება დავიწყებული, ვიდრე უკანასკნელი ქართველის გული ძგერს, ვიდრე სიმართლე და თავისუფლება არის შეულახავი, ვიდრე თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შეიკრიბებიან აქ, გადაკვეთენ დე ფაქტო საოკუპაციო საზღვარს, მივლენ იქ, არ შეუშინდებიან, რადგან ივანიშვილს უნდა, ჩვენ შეგვაშინოს, რადგან თავად არის შეშინებული. მთელმა სამყარომ გაიგო, რომ ეს მამონა არის გადამგდები და მოსაშორებელი. ბევრი თქვენგანი წუხს, რა არის ჩვენი გეგმა, როგორ უნდა მოვაშოროთ ეს გადამგდები, მატყუარა, ვიგინდარა აფერისტი ქვეყანას? ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა. პირველი ეტაპი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხართ ამაზე თანახმა? თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ, სამისდღემჩიოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე, დაგვასამენ უდიპლომო ნაგავს, უსინდისოებს, რადგან მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ მმართველობა. მეგობრებო, ყოველი მათი მუშაობის დღე არის სახიფათო, რადგან ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კიდევ ყველა ჩვენგანის ტანჯავს, გარდა ბიძინასი და თავისი შაიკისა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენილებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ხვალიდან აღარ მუშაობენ პარლამენტის შენობაში.

„ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არც ერთი სახელმწიფო უწყების შენობა. 20 ივნისს მათ ჩვენ ცილი დაგვწამეს, თითქოს ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა, მეგობრებო. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ. ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი იქ არ არის. ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს სპეცრაზმით. ამ კვირა დღეს ყაზარმში ჯდომას ჯობია, კობახიძის და თალაკვაძის კაბინეტში ჯდომა. მოგესალმებით მანდ, იჯექით, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალთ, ვიცით, სადაც არსებობს და სადაც ამოდის ეს გვირაბი, ვერც გვირაბით შეხვალთ. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება, არ მივცეთ მოძალადე, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ, წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მორალური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება.

„მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარები, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება საკმარისი პარლამენტი? შემდეგი კანცელარია იქნება, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები, რაიონული ცენტრები. „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, ვიდრე არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და თუ არ დაინიშნება, მაშინ ისინი ვერ შეასრულებენ თავის მოვალეობას. რამდენი სპეცრაზმიც გყავთ, მოიყვანეთ, შემოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით. პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენსკენაა. შეუძლებელია ამის ატანა, ჩვენ დაგვამცირეს, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადეს, ივანიშვილმა გადაგვაგდო. ახლა დროა, ჩვენ გადავაგდოთ ივანიშვილი. ჩვენ ვნანობთ პატიოსნებას, როდესაც 20 ივნისის შემდეგ ვენდეთ ამ ვიგინდარას, არავითარი ნდობა აღარ არსებობს, შეცვლით კანონს ან დააბრუნებთ პროპორციულს, ან თქვენ თვითონვე გადაყვებით ამას. მადლობა მხნეობისთვის, წარმატებისთვის ვართ განწირული და წარმატება იქნება აუცილებლად“, – განაცხადა უგულავამ.

დატოვე კომენტარი