გიგი უგულავა - ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო
გიგი უგულავა - ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო

ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაროსანას თემა დღეს პოლიტიზებულია.

„გამოსაცხადებელია ტოტალური ბრძოლა, საგანგებო მდგომარეობა. ისე, როგორც იყო ბორჯომში“, – აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, გასულ წელს ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას. როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო, წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

„სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა, შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება”, – აღნიშნა უგულავამ.

მისი ინფორმაციით, ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა.

ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში. ამის შესახებ მთავრობამ იცოდა, თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. ქართული ოცნება არც წელს არ გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთი საქართველოც”, – ამბობს უგულავა.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას ბევრი ადამიანი დასჭირდება.

„საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც. გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა”, – აღნიშნავს უგულავა.