გიგი უგულავა - ფაქტობრივად, ვოლსკიმ დღეს „მოუწოდა“ რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს
გიგი უგულავა - ფაქტობრივად, ვოლსკიმ დღეს „მოუწოდა“ რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს

ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქცია, – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ფაქტობრივად, ვოლსკიმ დღეს „მოუწოდა“ რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ საერთოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს.

ამასთანავე თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს „რუსეთის მოპატიჟება“ პასუხია „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს –  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- წერს გიგი უგულავა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.