გიგი უგულავა - „ევროპულმა საქართველომ“ ჭადრაკის დაფა შემოუტრიალა „ქართულ ოცნებას“, ახლა ჯერი თქვენზეა, პირობა თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა
გიგი უგულავა - „ევროპულმა საქართველომ“ ჭადრაკის დაფა შემოუტრიალა „ქართულ ოცნებას“, ახლა ჯერი თქვენზეა, პირობა თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა

„ევროპულმა საქართველომ“ ჭადრაკის დაფა შემოვუტრიალეთ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, გაჩნდა სივრცე, რომ 8 მარტის შეთანხმების, ანუ გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის კიდევ სხვა, დამატებითი დრო გაუჩნდათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, იმედია, ამ ცაიტნოტში „ქართული ოცნება“ მოეგება გონს და სრულად შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის, ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან პირველი, პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს, ეს არის ქვეყნის სირცხვილი და მეორე, ჩემთვის პერსონალურად მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე კვირის წინ მეც ამ სიაში ვიყავი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბოლოოდ ჩაგდების შესაძლებლობა. პირველი მოსმენა თუ ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ იხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. შესაბამისად, მათ ექნებათ დრო, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას თუ არ იქნება სრულად შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ახლა ჯერი თქვენზეა, ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობა თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.