გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა ნაპირიდან მოვდივართ, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები
გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა ნაპირიდან მოვდივართ, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო ბლოკის კანდიდატად დასახელდა, გაერთიანების პირველი მერცხალი იქნება.

„ბატონ შალვას ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. ამ ცვლილებების ფონზე, იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ბატონი შალვა შავგულიძე იქნება ჩვენი პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ თავის მხრივ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, რომ თანამშრომლობა არის მომავლის განვითარების საფუძველი.

„ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად თესავს, უნდა დასრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს და ვიბრძოლებთ, რომ სწორედ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებზე მოხდება ეს და მოხდება ბატონი შალვას გარშემო, მისი ბრძოლით და ჩვენი ყველას ერთობლივი თანადგომით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.