გიგი უგულავა - ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტებს 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ

ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ პირადად მე და „ევროპული საქართველო“ გამოვედით ინიციატივით და მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციაში, რომ არ შევუქმნათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიცია მუშაობს დეკლარაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე უარს ამბობენ. თქვენ თუ აპირებთ, ხელი მოაწეროთ ამ დეკლარაციას და საერთოდ რატომ გახდა საჭირო წერილობითი დეკლარაციის მიღება?“

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა არასდროს განხილულა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ. კარგით, კარგით, მოვჭრათ. კი ბატონო, ვერ გაიგეთ, არასწორად გაიგეთ, მაშინ მოვჭრათ ეს ნაწილი. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ პირადად მე და „ევროპული საქართველო“ გამოვედით ინიციატივით და მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციაში, რომ არ შევუქმნათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მაშინ ძალიან ბევრი პარტია გამოგვეხმაურა და ძალიან ბევრმა პარტიამ ეს აიტაცა. სექტემბერში უკვე წინასაარჩევნოდ, როდესაც ეს პერიოდი მომწიფდება, ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. ასე რომ, „ევროპული საქართველო“ ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება. თავისთავად ცხადია, არასდროს, არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის გაკეთება. პირიქით, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ უპირობოდ დამარცხების შემდეგ უნდა წავიდეს ოპოზიციაში და შესაბამისად, იქითა ნაპირიდან უნდა შეხედოს ქვეყანას. ნახოს ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს. მეტსაც გეტყვით, შეგიძლიათ დაგუგლოთ, „ევროპული საქართველო“ ამის ინიციატორია და პირადად ვარ ამის ინიციატორი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.