გიგი უგულავა - დღეს დავინახეთ მთავარი, ხალხი აპიპინებდა, ტელეფონებით იღებდა და არავის ჰქონდა აგრესია
გიგი უგულავა - დღეს დავინახეთ მთავარი, ხალხი აპიპინებდა, ტელეფონებით იღებდა და არავის ჰქონდა აგრესია

ნორმალური პოლიცია დილიდან გამოაცხადებდა ალტერნატიულ მარშრუტებს, რათა მოქალაქეებისთვის ბუნებრივი დისკომფორტი შეემცირებინა, მაგრამ ხალხი აპიპინებდა, ტელეფონებით იღებდა და არავის ჰქონდა აგრესია, ყველა მოითხოვს ერთს – გადაიყვანეთ პრეზიდენტი საავადმყოფოში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ დღევანდელ აქციაზე განაცხადა.

„ნორმალური პოლიცია დღეს დილიდან გამოაცხადებდა ალტერნატიულ მარშრუტებს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის ბუნებრივი დისკომფორტი შეემცირებინა. მაგრამ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რათა დემონსტრანტები და მოქალაქეები ერთმანეთში არეულიყვნენ. მაგრამ ასევე დავინახეთ ერთი მთავარი რაღაც – ხალხი აპიპინებდა, ხალხი ტელეფონებით იღებდა და არავის არ ჰქონდა აგრესია, რადგან ყველა მოითხოვს ერთს, გადაიყვანეთ პრეზიდენტი საავადმყოფოში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე იქამდე, ვიდრე გამწარებული ხალხი არ მოგადგებათ ოფისებში“,- განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, პროტესტი უფრო მზარდი იქნება და დანებებას არ აპირებენ.

„ვერანაირი პოლიცია ვერ დაგიცავთ, ეს იცოდეთ ძალიან კარგად და იცოდეს ყოველმა პოლიციელმა, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრავს ხელს. აი, ის მოქნეული ხელი დაუბრუნდება მას ერთი ასად. უკანონობა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა არ ეპატიება არავის. ჩვენ აქ ვართ მოსული კონსტიტუციით. ჩვენ გვაქვს უფლება, შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ ის, რომ ადამიანი არ მოკლას სისტემამ, რომ ადამიანი გადაიყვანონ ნორმალურ საავადმყოფოში, რომ ადამიანს, რომელიც შიმშილობს, ჰქონდეს მკურნალობის უფლება და საშუალება.

ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ პარლამენტში, მათ ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება. ასე რომ, მეგობრებო, პროტესტი, რომელიც ახლა არის, იქნება სულ უფრო მეტად მზარდი. არავინ აპირებს დაშლას და დანებებას. დანებება ნიშნავს ადამიანის გარდაცვალებისთვის მიშვებას და ჩვენ ამას არ ვაპირებთ, არ შევეგუებით“,- განაცხადა უგულავამ.

დატოვე კომენტარი