გიგი უგულავა - დადგება მომენტი, თუ არაფერი არ ხდება, უცხოელებიც გეტყვიან, მიიღეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ეს საკითხი ჯერ არ დგას, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებსაც სჭირდებათ ხედვა
გიგი უგულავა - დადგება მომენტი, თუ არაფერი არ ხდება, უცხოელებიც გეტყვიან, მიიღეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ეს საკითხი ჯერ არ დგას, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებსაც სჭირდებათ ხედვა

გვგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები დაახლოებით იგივე იქნება, რაც 2024 წლის არჩევნები. ვერ ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი საქართველო უკვე გაცილებით მძიმეა, ვიდრე თუნდაც 2024 წლის უსამართლო საქართველო და ხვალინდელი თუნდაც შემოდგომის საქართველო კიდევ გაცილებით მძიმე იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა „დიქტატორული სისტემის ლეღვის ფოთლობაა“.

„ჩვენ კიდევ გვაქვს იმის ილუზია და მე რასაც ვუყურებ, ეს პოლიტიკურ კლასს ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს, თუნდაც ეს ადგილობრივი არჩევნები, ამათ მიერ ასეთ სიტუაციაში ჩატარებული, გვგონია, რომ დაახლოებით იგივე იქნება, რაც 2024 წლის არჩევნები. ვერ ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი საქართველო უკვე გაცილებით მძიმეა, ვიდრე თუნდაც 2024 წლის უკვე უსამართლო საქართველო და ხვალინდელი, თუნდაც შემოდგომის საქართველო კიდევ გაცილებით მძიმე იქნება. არჩევნები გაუქმებულია. ადგილობრივი არჩევნები ამ ქვეყანაში და მომდევნო არჩევნები ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ივანიშვილი თუ იქნება ძალაუფლებაში წარმოდგენილი, როგორც არის დღეს, ის არჩევნები არ არის და მასში მონაწილეობა ლეღვის ფოთლობაა დიქტატორული სისტემის“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

უგულავას განმარტებით, რევოლუციით, მუდმივი წინააღმდეგობით უნდა დადგეს ის რეალობა, სადაც აღარ არის ბიძინა ივანიშვილი.

„რევოლუციით უნდა დადგეს, მუდმივი წინააღმდეგობით, რუსთაველზე წინააღმდეგობით კი არა, კორპუსში შენ ადექი, 5-6 შენი თანამოაზრე იპოვე და შენ იმ კორპუსში იმუშავე, შენ შენს კორპუსში იმუშავე, შენ შენს ქუჩაზე იმუშავე, ასე მოედება, წინააღმდეგობა იქნება ტოტალური“, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა: „ადგილობრივ არჩევნებზე რომ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, თანაბარ პირობებში. ასეთ ვითარებაში რომ შედიხარ, იქ შენ არც მოგებისთვის არ შედიხარ, დედას გიტირებენ. ერთადერთი, შედიხარ იმისთვის, რომ საადღაც რაღაც პატარა კაბინეტი იპოვო და მომდევნო 4-5 წელიწადი ამ საგიჟეთში სადღაც მშვიდობიანად შეაფრო თავი. შეუძლებელია, ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა პარტიამ და არ გქონდეს პასუხი გაცემული, კი მაგრამ პარლამენტი რომ უკანონოა, არალეგიტიმურია, ეს პრობლემა ხომ ვერ მოგვარდება ვერანაირი ადგილობრივი არჩევნებით? შეუძლებელია, პარლამენტის საკითხის გარეშე ადგილობრივ არჩევნებზე გახვიდე“.

ამავდროულად, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ უცხოელი პარტნიორებისგან ოპოზიციის მიმართ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნა არ დამდგარა, თუმცა მათაც სჭირდებათ, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ხედვები.

„ადრე თუ გვიან ჩვენ ხალხი მოგვთხოვს, აბა, როგორია შენი საგზაო რუკა, რას ითხოვ? ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი – რაღაცას ვითხოვ. შემდეგ უცხოელები გვეკითხებიან, რას ითხოვთ და როგორ ითხოვთ? დადგება ის მომენტი, თუ არაფერი არ ხდება, უცხოელებიც გეტყვიან, მიიღეთ ამ ადგილობრივში მონაწილეობა, შენ  ხომ უნდა გქონდეს მზად პოზიცია. უცხოელი პარტნიორებისგან ასეთი მოთხოვნა სერიოზულ დონეზე და არც არასერიოზულ დონეზე არ დამდგარა. ასე საუბრის დონეზე ყველაფერზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქ მთავარი ხომ სხვა საკითხია. დღეს ჩვენ რასაც ვსაუბრობთ „ქართულ ოცნებაზე“, როგორც ვსაუბრობთ, შინაარსობრივად რასაც ვსაუბრობთ, ასპროცენტიანი თანხვედრაა. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ამიტომ ეს საკითხი ჯერ არ დგას, მაგრამ თუ არ გექნება არანაირი ხედვა, არანაირი გზა, თუნდაც ტაქტიკური წინადადებების ჩამონათვალი, საერთაშორისო პარტნიორებსაც სჭირდებათ, რომ შენ გქონდეს ხედვა“, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.