გიგი უგულავა - ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად სწორი, აქტიური პროდასავლური პოლიტიკა გვჭირდება
გიგი უგულავა - ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად სწორი, აქტიური პროდასავლური პოლიტიკა გვჭირდება

პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

მათ ენგურის ხიდზე მოაწყვეს მსვლელობა პლაკატებით „რუსეთი ოკუპანტია“.

გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად საჭიროა სწორი, აქტიური, პროდასავლური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწარმოებს.

„27 სექტემბერი არის ტრაგიკული დღე, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები. უკვე მესამე ათწლეული იწურება და სამწუხაროდ, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ერთად არის მთავარი გამოწვევის სამეული. იცვლება თაობები, მაგრამ ეს პრობლემა არ იცვლება. ამიტომ, ამ გზაგასაყარზე, სადაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომდევნო 10 წლის განმავლობაში რას ვთავაზობთ ჩვენს ხალხს გაერთიანებისთვის.

პირველი – ამისთვის აუცილებელი წინაპირობა არის, რომ ჩვენ ვაღიაროთ ის ტკივილი, რა ტკივილიც არსებობს იქით, და რომ იქითა მხარემ აღიაროს ის ტკივილი, რა ტკივილიც მოგვიტანა ამ ომმა. დრო კურნავს ამ ტკივილს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს გვჭირდება დაფიქრება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვჭირდება ძალის გამოყენება ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად, ჩვენ გვჭირდება სწორი, აქტიური, პროდასავლური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწარმოებს.

ჩვენი ძალა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ამაშია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, იმიტომ რომ ეს ეპოქა დგება, შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება და საქართველო უნდა იყოს მზად ამ დროს. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საპირისპიროა, ჩვენ ვხედავთ, პრაქტიკულად ივანიშვილის ოცნებამ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიური ეტიკეტის დონეზე დაიყვანა, მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფლების რკალი რუსეთის გარშემო.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, ბელარუსში და ეს თავისუფლების რკალი რეალურად იქნება თავისუფალ სამყაროსთან ერთად შემაკავებელი და რუსული იმპერიალიზმის დაძლევის წინაპირობა, რაც ამავე დროს არის წინაპირობა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც თავად აფხაზები და ოსები გააცნობიერებს იმას, რომ პრაგმატულად მათთვის აღარ არის მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა. ძალიან მალე დადგება ეს დრო და მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი