გიგი უგულავა - აჯანყების უფლება ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში დევს და ვინც შენს თავისუფლებას მოეპოტინება, იმას მოხვდება ცხვირში
გიგი უგულავა - აჯანყების უფლება ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში დევს და ვინც შენს თავისუფლებას მოეპოტინება, იმას მოხვდება ცხვირში

ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხი გადააგდებს ივანიშვილს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

უგულავას თქმით, ადამიანს, როცა მას ყველაფერს ართმევენ, აქვს აჯანყების უფლება, რასაც ადამიანის უფლებათა დეკლარაცია ითვალისწინებს.

„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ ეს კაცი არის მატყუარა, ფლიდი, გადამგდები, მაშინ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიბერტყე კალთები, მოტრიალდი და წადი მისგან, რადგან ასეთ  ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ურცხვად გვატყუებს, აუქმებს არჩევნებს. თან ბრიყვი უმრავლესობის წევრები ლაპარაკობენ, რომ თუ ოპოზიცია შეიძლება მოვიდეს, მხარს არ დავუჭერთო. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ოპოზიციას არჩევნებით გამარჯვების შანსი აღარ აქვს? ამას გვეუბნებიან? ანუ შევდივართ ჩიხში  და აქედან გამოსავალი რა არის? აქედან გამოსავალი არ არის. ხალხი არსად წავა, წავა ივანიშვილი. ლოგიკურია – წაგვართვეს არჩევნები, დაგვახიეს თავზე კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები ხომ დარჩა და ადამიანის უფლებაში დევს თავისუფლება. როდესაც გართმევენ არჩევანს, როდესაც ყველაფერს გართმევენ, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით, ადამიანს აჯანყების უფლება აქვს. ივანიშვილი ამას აკეთებს იმისთვის, რომ დააპირისპიროს ხალხი. ცუდი განვითარება ჰქონდეს ყველაფერს, რომ ბოლოში ადვილად ჩაგვაბაროს რუსეთს. ეს კაცი მიგვაქანებს რუსეთისკენ. მორალესივით დაამთავრებდა, მაგრამ რაც დღეს გააკეთა, ამის შემდეგ კადაფის ბედს გაიზიარებს აუცილებლად“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, „აჯანყება ახსენეთ, რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავთ?“, უგულავამ ასე უპასუხა: „ერთი წუთი რა, ახლა ვიცი, მთელი სახელისუფლებო მედია დალაგდება. აჯანყების უფლება ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში დევს. როდესაც წაგართმევენ არჩევნებს, როდესაც ყველაფერს წაგართმევენ, თავისუფლებას ვერავინ წაგართმევს და ვინც შენს თავისუფლებას მოეპოტინება, იმას მოხვდება ცხვირში. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს, ქუჩაში რომ შეხვდებით, ხალხო, ვინც ეს ჩაიდინა, შეგიძლიათ სახეში შეაფურთხოთ, რადგან  ფურთხი არის ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი იმსახურებენ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.