გიგი უგულავა აცხადებს, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში, ქვეყანა არც ერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის
გიგი უგულავა აცხადებს, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში, ქვეყანა არც ერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის

კოალიციური მმართველიბა ნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანის ან არც ერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა, ნაცვლად ბატონისა, გვეყოლება მსახური მთავრობა. რეალურად, გადავარდება ჩვენს ქვეყანაში ბატონყმობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის საქართველოში ბრძოლა ერთი წლის წინ არ დაწყებულა, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ბევრი თაობის ადამიანი და პოლიტიკოსი იბრძოდა.

„მიმაჩნია, ცოტა სასაცილოა, არდაჭერილი დათვის გატყავებას ჰგავს ეს დისკუსია. ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვართ ერთგული იმ პოზიციისა, რომ ივანიშვილის ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობით და ასეც მოხდება. პროპორციული სისტემა, რომლის გამოც ამდენმა ადამიანმა იბრძოლა, ამხელა წინააღმდეგობას გაუძლო და მინდა, გითხრათ, რომ ეს ბრძოლა ერთი წლის დაწყებული არაა, ბრძოლა დაწყებულია დაახლოებით 1989 წლიდან. ბევრი თაობის ადამიანი და პოლიტიკოსი იბრძოდა ამისთვის.

პროპორციული სისტემა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება არ იქნება ბატონი, არამედ იქნება მსახური, ისევე როგორც არის ევროპაში. ამიტომ, ეს ისტორიული გზაგასაყარი და ისტორიული მომენტი დგება და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს დადასტურდება ოპოზიციის უპირატესობა „ქართულ ოცნებაზე“, უკვე დაიწყება ის კოალიციური მოლაპარაკებები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი სინამდვილისთვის ახალია, მაგრამ ასე იყო ევროპაშიც, ერთი საუკუნის წინ. შესაბამისად, ეს უნდა დავიწყოთ.

კოალიციური მმართველიბა იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანის ან არც ერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა, ნაცვლად ბატონისა, გვეყოლება მსახური მთავრობა. რეალურად, გადავარდება ჩვენს ქვეყანაში ბატონყმობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული აზრის არსებობა ცუდი სულაც არ არის, პირიქით, შეთანხმების მისაღწევად ეს მნიშვნელოვანია.

„ღმერთმა ნუ ქნას, არ იყოს განსხვავებული აზრი და პოზიცია. განსხვავებული აზრი რომ არ არის, იმიტომ არის ცუდად საქმე და იმიტომ არის განგრენის მდგომარეობაში „ქართული ოცნება“. განსხვავებული აზრი არის წინაპირობა, რომ ცივილიზებული ხალხი დასხდება საბოლოოდ და შეთანხმდება. აი, ეს არის განსხვავება დღევანდელ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

„ქართული ოცნება“ არა შეთანხმების, არამედ იძულების და დაშინების გზით მიდის. ეს არის გზა, რომელსაც არაფრისკენ მივყავართ და აქამდე მოიყვანა ქვეყანა. ამიტომ, არანაირ შეუთანხმებლობაზე არ ვლაპარაკობ. ბუნებრივია, განსხვავებები არის, შეიძლება იყოს მკვეთრი განსხვავებებიც. ვფიქრობ, ამ განსხვავებებზე შემდეგ იქნება მსჯელობა, როდესაც ივანიშვილს ჩამოიშორებს არჩევნების გზით ქართული საზოგადოება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.