გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილიდან კარვის აღების გადაწყვეტილება მიიღეს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილიდან კარვის აღების გადაწყვეტილება მიიღეს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარავი გადავდგათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერებმა იმსჯელეს, რამდენად მართლზომიერია კარვის დადგმა გზის სავალ ნაწილზე.

„ჩვენ ვმსჯელობთ მართლზომიერებაზე და არა კანონიერებაზე, ეს პოლიცია, ხელისუფლება 23 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ უნდა საუბრობდეს კანონიერებაზე, ამისი მორალური და კანონიერი უფლება არ აქვს. პარტიების პოზიციები არის, რომ კარვები იდგეს აქ და თუ არ დაეტევა, მაშინ გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული. რამდენი ადამიანი იქნება. თუ ბევრია ადამიანია, ხომ არ გავყინავთ? მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის შენობის წინ, საავტომობილო გზის ნაწილზე აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ კარავი გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ მოძრაობის შეფერხების უფლება, რადგან ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და აღნიშნავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.