გიგი უგულავა - 100/50-ის შეთავაზებაზე „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უკვე მიიღო
გიგი უგულავა - 100/50-ის შეთავაზებაზე „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უკვე მიიღო

ბიძინა ივანიშვილმა დანაპირები უნდა შეასრულოს და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღასრულოს ივანიშვილის დანაპირები ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, 4 თებერვლიდან პარლამენტის მიმდებარედ პიკეტირებები დაიწყება.

„4 თებერვლიდან, როდესაც ოფიციალურად იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია, ასევე დაიწყება მუდმივი, პერმანენტული პიკეტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ჩვენმა ძვირფასმა „ქართული ოცნების“ ხალხის რჩეულებმა ხალხის ხმა გაიგონონ. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემას უნდა დაუბრუნდეს. ივანიშვილმა დანაპირები უნდა შეასრულოს და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღასრულოს ივანიშვილის დანაპირები ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის შეუქცევადი და რაც უფრო დროს გაწელავს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ზამბარასავით, მით უფრო მწარედ დაუბრუნდება ყოველი ასეთი მზაკვრული გადაწყვეტილება, რომელიც ამავე დროს თანხვედრაშია იმ პროცესებთან, ვგულისხმობ დაჭერებს და აბსოლუტურად უკანონო მოქმედებებს, პოლიტპატიმრებს, გაძეძგილ სასამართლოებს, დაპატიმრებულ და დაჯარიმებულ აქტივისტებს. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პასუხი ესაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, რაც შეეხება მმართველი გუნდის შეთავაზებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უგულავას თქმით, ამაზე პასუხი „ქართულმა ოცნებამ“ იმავე შეხვედრაზე მიიღო, სადაც აღნიშნულ შეთავაზებაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება 100/50-ს, ამაზე„ ქართულმა ოცნებამ“ პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე. მეტიც, მისი წინადადება არა მარტო ჩვენი მხრიდან, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქილიკის ნიშანი გახდა. იმდენად არაადეკვატური წინადადებაა. ეს შემოთავაზება იქვე იყო უკუგდებული და მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ, იმდენად დაიცინა. 100/50-ზე ნიშნავს, რომ ერთ პარტიას შეუძლია, 30-დან 35 პროცენტამდე მხარდაჭერით, ანუ 10 კაციდან სამი კაცის მხარდაჭერით მოიპოვოს მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობა. არის ეს სამართლიანი? ან რაიმენაირად ახლოს არის თუ არა ჯანსაღ აზრთან და საზოგადოების დაკვეთასთან, გადავიდეს სრულიად პროპორციულ სისტემაზე. „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ 30, მაქსიმუმ 35 პროცენტს მიიღებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ზუსტად ანალოგიური იმედი ჰქონდა 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს. ზუსტად ამდენი პროცენტით აპირებდა მართვას, ზუსტად ასეთი ფეოდალი მაჟორიტარებით აპირებდა მართვას და ძალიან ცუდად დაამთავრა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.