გიგი აბუაშვილი - ოფიციალურ თამაშში პირველად გავიტანე და ეს ორმაგი მოტივაციაა [ვიდეო] #1TVSPORT
გიგი აბუაშვილი ერთ-ერთი იყო, რომლის გოლითაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში მოლდოვა ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლის მატჩში (3:0) დაამარცხა. ფოთის „კოლხეთის“ თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ გუნდი ნიდერლანდებთანაც წარმატებას მიაღწევს.
„გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ძალიან კარგ ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. რაც ორმაგად სასიხარულოა, გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა – ეს დიდი მუშაობის და შრომის შედეგია. პირველი გოლი გავიტანე ოფიციალურ თამაშში და ძალიან ბედნიერი ვარ, ორმაგი მოტივაციაა, რომ მეტი და მეტი გავაკეთო.
ძალიან მნიშვნელოვანი სამი მატჩი დაგვრჩა. მოლდოვასთან მოგება კი უკვე წარსულია. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, ოთხ დღეში ნიდერლანდებს გასვლაზე ვეთამაშებით და მასთანაც მოსაგებად გავალთ.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. უფრო მეტს ვპირდებით, რომ მათი გულები გავახაროთ“, – ამბობს გიგი აბუაშვილი.
ბათუმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ჯგუფის ლიდერთან, ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.