გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა
გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანერიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს“,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მადლობა გადაუხადა მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებს, დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ლაშა ხოჯავას, ქალაქ ფოთის მკვიდრს, რომელმაც გიგანტური კუ იპოვა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.