გიგა მაქარაშვილი - დღეს პერმანენტული აქციების ბოლო დღეა, მაგრამ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება მთავრობა
გიგა მაქარაშვილი - დღეს პერმანენტული აქციების ბოლო დღეა, მაგრამ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება მთავრობა

გამოწვევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას გაპრემიერებით მოგვცა, მივიღეთ და დღეს ძალიან ბევრი ათასი ადამიანის წინაშე დავადგენთ გეგმას, როგორ ვაპირებთ 2020 წლამდე, არჩევნებამდე ბრძოლას, – ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არჩევნების გზით მთლიანად მთავრობის ცვლილებას ითხოვენ და მიუხედავად იმისა, რომ პერმანენტული აქციები არ იქნება, იქნებიან ყველგან, სადაც იქნება მთავრობა.

„დღეს „გავრილოვის ღამის“ სამი თვის თავია. ჩვენ „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ აქცია ყოფილიყო ხალხმრავალი და რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისი ბრძოლაში, რომელიც გამოგვიცხადა ხელისუფლებამ. გამოწვევა, რომელიც ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერებით მოგვცა, ჩვენ მივიღეთ და დღეს ძალიან ბევრი ათასი ადამიანის წინაშე დავადგენთ გეგმას, როგორ ვაპირებთ 2020 წლამდე, არჩევნებამდე ვიბრძოლოთ, ბევრი სხვადასხვა ფლანგიდან შევასუსტოთ „ქართული ოცნება“, რათა 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყოველგვარი ზეწოლის, შიშის და დაშინების გარეშე“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იქნება, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში და ადამიანებმა შეძლონ რეალურად იმ არჩევანის გაკეთება, რაც სურთ.

„ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი. ვაპირებთ, ბევრი ვიაროთ რეგიონებში, ადგილობრივი მოქალაქეები ჩავრთოთ ამ აქტივობაში, რათა სწრაფად დავამარცხოთ ტროლები, ბოტები და მუდმივად ვიქნებით იქ, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან. ჩვენი სასტვენების ფონზე ჩაივლის აბსოლუტურად ყველა შეხვედრა“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეს პერმანენტული აქციების ბოლო დღე იქნება.

„დღეს იქნება ბოლო დღე პერმამენტული აქციების. სამი თვის თავზე სიმბოლურად დავასრულებთ აქციებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტაიმ აუტს ვიღებთ, ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება მთავრობა“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.