გიგა კვერენჩხილაძე - არსებული დადგენილება ხალხს უბიძგებს, მშვიდად იყვნენ, რადგან მათ ქონებას ვიღაც სხვა, მესამე პირი დააზღვევს
გიგა კვერენჩხილაძე - არსებული დადგენილება ხალხს უბიძგებს, მშვიდად იყვნენ, რადგან მათ ქონებას ვიღაც სხვა, მესამე პირი დააზღვევს

იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეები წახალისდნენ, რათა ყველამ თავისი ქონება დააზღვიოს, არსებული დადგენილება ხალხს უბიძგებს, მშვიდად იყვნენ, რადგან მათ ქონებას ვიღაც სხვა, მესამე პირი დააზღვევს და მისი ქონების უსაფრთხოებაზე იზრუნებს, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით გიგა კვერენჩხილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ რა სიკეთე და რისკები ექნება სავალდებულო დაზღვევას, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება.

როგორც სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის ადვოკატმა აღნიშნა, ზოგადად, სავალდებულო დაზღვევა კარგია, მაგრამ არა ამ ფორმით.

„ბაზრობის ადმინისტრაცია უნდა იყოს ვალდებული, თავისი ქონება დააზღვიოს, მაგრამ ასევე ვალდებული უნდა იყვნენ ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეებიც. შემოთავაზებული დადგენილებით კი, ბაზრობის ადმინისტრაციაა ვალდებული, მოვაჭრეთა წინაშე თავისი პასუხისმგებლობა დააზღვიოს, რაც არამართებულია. არ მგონია, ეს სწორი მიდგომა იყოს“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისი თქმით, საერთოდ, არამართებულია, ერთმა მეწარმემ მეორე მეწარმეს რაღაც ქონება დაუზღვიოს, თუნდაც, პასუხისმგებლობის დაზღვევის სახით.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ დადგენილებით, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შედის, ბაზრობაზე მოვაჭრე მესამე პირადაა გაგებული, მაშინ, როცა ბაზრობაზე მოვაჭრე მეწარმე ხელშეკრულების ჩვეულებრივი მხარეა, რაც სამართლებრივად ნონსენსია.

„არ შეიძლება, მესამე პირი ხელშეკრულების მონაწილე იყოს, რადგან მესამე პირი თავისთავად ცხადია, ხელშეკრულების გარეთაა. ხელშეკრულებას პირობითად, ორი მხარე ჰყავს და მესამე პირი განყენებულია. თუმცაღა, ბუნებრივია, ჩვენ ამ კანონმდებლობას ვემორჩილებით და ბაზრობათა გაერთიანების თითოეული წევრი, რომელიც ოცზე მეტ სავაჭრო ობიექტს მოიცავს, პირველი მარტიდან პასუხისმგებლობას დააზღვევს“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, სავაჭრო ობიექტებისთვის დაზღვევის ვალდებულების დაკისრების შემდეგ იჯარა გაიზარდოს, გიგა კვერენჩხილაძემ თქვა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, სადაზღვეო პრემია რა იქნება, ანუ ბაზრობის ადმინისტრაციას გადასახდელი რამდენი ექნება.