თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.
ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.
„ეს პროცესი არის იმ დიდი სიცრუის ნაწილი, რომელსაც თავად კაპიტანი გიგაური წარმოადგენს. ეს არის სიცრუის მანქანა, რომელიც მუშაობს დიდი ხანია სააკაშვილის ხელდასმით. სამი წელია, ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს და ცრუ ჩვენებას აძლევს. მე ამას დავუმტკიცებ, ეს იცის და იმიტომ ემალება სასამართლოს. დღესაც დარწმუნებული ვარ, არ მოვა, მაგრამ ამ საქმეს მივყვები ბოლომდე. თავისი სექტით, რომელსაც „ეს შენ გეხება“ ჰქვია, ყველაფერი რომ ეხება სინდისის, ნამუსის, თავმოყვარეობისა და წესიერების გარდა, მთელი საზოგადოება გამოვიყვანთ სამზეოზე. მთელი საქართველო ნახავს, რას წარმოადგენს გიგაური და მისი სექტა. მთელ დანარჩენ საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ, თვითონ უწესოდ ცხოვრობენ და საკუთარ წარსულს მალავენ. ვერ დამალავს გიგაური თავის წარსულს, რადგან მისი წარსული ხელთ მაქვს და სასამართლოზე გაირკვევა, ვინ არის და რას წარმოადგენს. მე განვაცხადე, რომ კაპიტანმა გიგაურმა რიგგარეშე წოდება ვანო მერაბიშვილისგან მიიღო იმის გამო, რომ მონაწილეობა მიიღო იმ არაადამიანების წახალისებაში, ვინც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახშო ქართული საზოგადოება, ამ საზოგადოების ლტოლვა სამართლიანობისადმი და თავისუფლებისადმი”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი, ამ დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.