გიგა ფარულავამ ირაკლი კობახიძეს მიმართა – რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის რადიკალური გადახრა, თუ არ გაქვთ მყარი გარანტია, ჩინეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს მხარს?
რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის რადიკალური გადახრა, თუ თქვენ არ გაქვთ მყარი გარანტია, ჩინეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს მხარს? რა ლოგიკით ცვლით დადასტურებულ, სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების არქიტექტურას გაურკვეველი პოლიტიკური შედეგის მქონე პარტნიორობით?, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პარლამენტში განაცხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.
მისივე თქმით, „საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
„ბატონო ირაკლი, 2029 წელს სახელმძღვანელოში „კონსტიტუციური სამართალი“ თქვენ წერდით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას შეუსაბამოს. მეტიც, წერდით, რომ პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის ისეთი საჯარო განცხადება, რომელიც ამ საჯარო განცხადებას ეწინააღმდეგება, შეიძლება, იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს. 2024 წელს კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში განაცხადეთ, „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. რომელ ირაკლი კობახიძეს დავუჯეროთ – 2019 წლის კონსტიტუციონალისტს, რომლისთვისაც მსგავსი ნაბიჯი იმპიჩმენტის საფუძველი იყო, თუ 2024 წლის პრემიერ-მინისტრს? დღეს, როგორც სამართლის დოქტორი, იმავე კაზუსზე რომ მუშაობდეთ, საკუთარი ქმედების მიმართ კვლავ იმავე სამართლებრივ დასკვნას მიიღებდით თუ არა?
თქვენ საუბრობთ მრავალვექტორულ თანამშრომლობაზე, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დაგვიზუსტეთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი? რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეკონომიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ეს პოლიტიკური პარტნიორობა თუ არის, მაშინ, როგორ ანაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც ათწლეულებია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენიტეტის მთავარი გარანტია, იმ სახელმწიფოთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, გაერო-ში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს არასდროს უჭერს მხარს? რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის რადიკალური გადახრა, თუ თქვენ არ გაქვთ მყარი გარანტია, ჩინეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს მხარს? რა ლოგიკით ცვლით დადასტურებულ, სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების არქიტექტურას გაურკვეველი პოლიტიკური შედეგის მქონე პარტნიორობით?
მინდა, გამოვეხმაურო კოლეგებს, აქ საუბარი იყო „გადაგდებაზე“. თქვენ ვის გადაგდებაზე საუბრობთ, მაშინ, როცა თქვენი თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში. საუბარი გქონდათ ღალატზე და ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაძრევინეთ, განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ. ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რა გზა გაიარეთ და რა გზას გადიხართ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.