გიგა ფარულავა - თანასწორუფლებიანობაზე შექმნილ კავშირში ყველას თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, ევროკავშირში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ შეზღუდავს
გიგა ფარულავა - თანასწორუფლებიანობაზე შექმნილ კავშირში ყველას თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, ევროკავშირში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ შეზღუდავს

ევროკავშირი დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ შეზღუდავს, დაველოდოთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.

გიგა ფარულავას კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც კოსი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

როგორც გიგა ფარულავა აცხადებს, ამ საკითხზე ჯერ განხილვა მიდის და გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„ევროკავშირი დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ შეზღუდავს. შესაბამისად, დაველოდოთ. თანასწორუფლებიანობაზე შექმნილ კავშირში ყველას თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ რა განცხადებაც გავრცელდა, ამაზეა მსჯელობა. დემოკრატიის ნაწილია ჯანსაღი დისკუსია და ახლა ეს მიმდინარეობს. ეტყობა, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირთან მიმართებაში განსაკუთრებული როლი მიანიჭეს, რადგან ბოლო პერიოდში მისი განცხადებებით სტრატეგიულ პარტნიორებს პირდაპირ ებრძვის“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.