გიგა ფარულავა – მაშინ, როდესაც არაერთი რეპრესიული კანონია მიღებული, ბუნებრივია, ვერანაირ კვლევას ვერ ექნება ობიექტური მაჩვენებელი, რა განწყობაც მოქალაქეებს რეალურად აქვთ პოლიტიკური პარტიების მიმართ
მაშინ, როდესაც ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების გამოყენებისთვის ტროტუარზე აკავებენ და არაერთი რეპრესიული კანონია მიღებული, რათა ადამიანებს შეეზღუდოთ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები, ბუნებრივია, ვერანაირ კვლევას ვერ ექნება ობიექტური მაჩვენებელი, რა განწყობაც რეალურად დღეს მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური პარტიების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
შეკითხვაზე, ფლობდა თუ არა ინფორმაციას IRI-ის კვლევის ჩატარების შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“, გიგა ფარულავამ უპასუხა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ჩვენ ამ კვლევასთან დაკავშირებით არც გუშინ გვქონდა ინფორმაცია და არც დღეს გვაქვს, ვის მიერ, რა პირობებში, როდის ჩატარდა. არც კონკრეტულ მონაცემებზე არ გვქონდა ინფორმაცია და გულწრფელად ვთქვათ, არც გვაინტერესებს ამ კონკრეტული კვლევის შედეგები“, – აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა სჯეროდეს რომელიმე პარტიას კვლევის, რომელიც არის სავარაუდო.
„თქვენ აღნიშნეთ, რომ, სავარაუდოდ, კონკრეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევაო და საზოგადოებას რატომ უნდა მივაწოდოთ, ან რომელიმე კონკრეტულ პარტიას რატომ უნდა სჯეროდეს კონკრეტული კვლევის? საერთოდ, ნებისმიერი კვლევა, როდესაც ტარდება, ის უნდა იყოს ობიექტური და ობიექტურ რეალობას ასახავდეს. ვსაუბრობთ რომელიღაც კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელსაც არც თავად განუცხადებია ამ კვლევაზე, პასუხისმგებლობა არ აუღია კვლევის შედეგებზე და შესაბამისად, „ოცნების“ მთელი პროპაგანდა, გუშინდელიდან მოყოლებული, აგებულია ამ კვლევის შედეგებზე. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კვლევის შედეგები არ გვაინტერესებს. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას თუ აინტერესებს და ამ კვლევაზე უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი ააგოს, მათი ნებაა“, – განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, კითხვაზე, რა გეგმით აპირებს პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნას, ფარულავამ აღნიშნა, რომ გეგმებზე წინასწარ არ ისაუბრებს.
„დაველოდოთ, რა იქნება შედეგი, კონკრეტულად თუ დადგა ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დამერწმუნეთ, ეს იქნება კატასტროფული შედეგი თავად „ოცნებისთვის“ და ამას ნახავს საზოგადოება“, – განაცხადა ფარულავამ.