გიგა ფარულავა – მამუკა მდინარაძეს როცა დაატოვებინეს პოლიტიკა, თანამდებობაც, ბუნებრივია, არ არის საჭიროება, მდინარაძისთვის პოსტი შეიქმნას, შესაბამისად, ეს პოზიცია ვერ შეიქმნება

12:36, 31.08.2026

ფაქტია, მამუკა მდინარაძე თავის თავს არ ეკუთვნოდა. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები თავად მიეღო, რა თანამდებობაზე იქნებოდა ან არ იქნებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც ის არსაიდან მოსულა, დღეს არსაით გაუშვეს კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით. ის სახლში გაუშვეს ყოველგვარი რჩევა-დარიგებების გარეშე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, „რამდენიმე თვეში მამუკა მდინარაძემ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს“.

„ყველას გვახსოვს, თავის დროზე რეგიონული სამინისტრო ლილუაშვილისთვის შეიქმნა. კარგად გახსოვთ, რა ბედიც გაიზიარა ლილუაშვილმა. არ გამოვრიცხავთ, რამდენიმე თვეში იგივე ბედი გაიზიაროს მამუკა მდინარაძემაც. რაც შეეხება ამ კონკრეტული სამინისტროს გაუქმებას, „ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეექმნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა კონკრეტულად მამუკა მდინარაძისთვის, ისევე როგორც მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა ძალოვან უწყებებთან მიმართებით კოორდინატორის პოზიცია. ბუნებრივია, მამუკა მდინარაძეს როცა დაატოვებინეს პოლიტიკაც, თანამდებობაც და სახლში გაუშვეს, არ არის საჭიროება, რომ მდინარაძისთვის პოსტი შეიქმნას. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს პოზიცია ვერ შეიქმნება“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

მსგავსი