გიგა ფარულავა - მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას აშშ-ში ვიზიტით რაღაც ვერ მოგვარდა და საჭირო გახდა მდინარაძის გაგზავნა.
„ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებისკენ ყოველთვის მოვუწოდებდით. მოხარული ვიქნებით, თუ ქართულ სახელმწიფოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ღირსეული ურთიერთობა ექნება, რაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ასე არ არის. ალბათ ეს იმის გაგრძელებაა, რომ მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს. ალბათ ესეც ამ შეხვედრის გაგრძელებაა. ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, რომ მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს. ვნახოთ, დაველოდოთ. ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, მისასალმებელია. ხელისუფლებას იმის რესურსი არ აქვს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნორმალური და სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეს“, – განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ამასთან, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც.