გიგა ფარულავა - ხელისუფლებას „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმზე პასუხები არ აქვს, მათ პასუხისმგებლობის ეშინიათ
გიგა ფარულავა - ხელისუფლებას „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმზე პასუხები არ აქვს, მათ პასუხისმგებლობის ეშინიათ

რატომ დამალეს „ბიბისის“ პასუხი? მათ პასუხისმგებლობის ეშინიათ, საგამოძიებო ფილმის თაობაზე მყარი პოზიციები არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობის ეშინია.

„რატომ დამალეს „ბიბისის“ პასუხი და ამაზე ღიად რატომ არ საუბრობენ? გახსოვთ, რომ ჩვენ „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რათა საზოგადოებას კითხვებზე პასუხები ჰქონოდათ. ეს კითხვები ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას ეხება. თქვენ გახსოვთ, რომ ხელისუფლება პასუხებს ამ რეალობაშიც გაექცა, რადგან მათ პასუხისმგებლობის ეშინიათ. მათ ამ საგამოძიებო ფილმის თაობაზე მყარი პოზიციები არ აქვთ. როცა კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ საშუალებად წყალში კონკრეტული ნივთიერებების გარევას და ამ დროს ამ ნივთიერებას მიმართავ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ცხადია, ჩადენილია დანაშაული. ბუნებრივია, ამაზე პასუხები არ აქვთ და მყარი არგუმენტების ეშინიათ“, – აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:„„ბიბისისგან“ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, მასში იგივე პოზიციაა, რომ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობის გადახედვას არ აპირებენ, პროცესს მივყვებით, კიდევ უნდა გავასაჩივროთ“.