გიგა ფარულავა – ღარიბაშვილმა თავისი მოკლე ჭკუით დრო იხელთა და მაშინ, როდესაც „ოცნება“ ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობს, სურს, მორიგი წერილით პატრონს ასიამოვნოს
ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე წერს, ცდილობს, თავი გადაირჩინოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიასა და მის პარტიაზე თავდასხმით ცდილობს, „თავის პატრონს“ ასიამოვნოს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მოკლე ჭკუით დრო იხელთა და მაშინ, როდესაც „ოცნება“ ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობს, სურს, თავისი მორიგი წერილით პატრონს ასიამოვნოს. კერძოდ, გახარიაზე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე თავდასხმით. რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, ამ ადამიანზე? – დღეს თუ რაიმე პრობლემებია ქვეყანაში, სწორედ ღარიბაშვილის დროიდან მოყოლებული დაიწყო. იმ დღიდან, როცა ამ ადამიანმა წერილების წერა დაიწყო, მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. მას ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების, მოქალაქეების პრობლემები არც ერთხელ არ უხსენებია. ამ წერილებს ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე წერს. ამ წერილებს არავითარი კავშირი არ აქვს არც ქვეყნის და არც ჩვენი მოქალაქეების პრობლემებთან. ეს ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი გადაირჩინოს“, – განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.