გიგა ფარულავა - ევროკავშირი არა „ქართული ოცნების“ ან რომელიმე პარტიის, ჩვენი ქვეყნის პარტნიორია, იმედს ვიტოვებთ, მათი კეთილგონიერებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც რიგით მოქალაქეებს არ შეეხება
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიასთან შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
ფარულავამ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, კონკრეტული გადაწყვეტილება მოჰყვეს ხვალინდელ კომუნიკაციას, რაც შესაძლოა, დასრულდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით.
„ჩვენ არ ვიცით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ექვს თვეში თუ წლის ბოლოსთვის ამ კონკრეტულ, თუნდაც ხვალინდელ შეხვედრას, რა შედეგები ექნება და რა შედეგის მომტანი იქნება ის უშუალოდ შემდგომ პერიოდისთვის ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის, რომლებიც პარტნიორები არიან არა „ქართული ოცნების“, რომელიმე კონკრეტული პარტიის,არამედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, დემოკრატიული განვითარების და იმედს ვიტოვებთ, მათი კეთილგონიერებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რიგით მოქალაქეებს არ შეეხება“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას თუ ვინმე აშორებს ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, ამაზე პასუხისმგებელი არიან თავად „ოცნების“ ლიდერები.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაწილზეა პასუხისმგებელი ხელისუფლება კონკრეტულად და ასრულებს თუ არა ის იმ კონკრეტულ ვალდებულებებს, რა კონკრეტულ კრიტერიუმებს და ფაქტორებსაც ემყარება ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მოქმედება, მაგალითად, მიგრაციის კონტროლი, მიგრაციის მონიტორინგი, რეადმისიის ვალდებულების შესრულება, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრების მიგრაციის საკითხი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხვალინდელი შეხვედრა და, მათ შორის, დიპლომატიური ვიზების შეჩერება ტექნიკურ დონემდე, საზღვრის კვეთის, მიგრაციის კონტროლამდე დაიყვანოს.
„რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის აღდგენა ან შეჩერება ბევრ ტექნიკურ დეტალს მოიცავს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რის გამოც ევროკავშირმა დიპლომატიური ვიზების უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, არის ის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებები და თავისუფლებების შეზღუდვა-შელახვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში“, – განაცხადა ფარულავამ.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ბრიფინგზე რაც ირაკლი კობახიძემ ბრძანა, როცა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა შეადარა აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობას და დასძინა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა ისეთი უნდა, როგორიც ჩინეთთან გვაქვს და არა შეერთებულ შტატებთანო, არის მავნებლური პოლიტიკა.
„ეს არის არაკომპეტენტური პოლიტიკა, ან უვიცობა, ან მიზანმიმართული ნგრევა იმ სტრატეგიული კომუნიკაციისა, რაც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების ადმინისტრაციების ძალისხმევით ვაშენეთ დღემდე“, – განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შედარებები საგარეო პოლიტიკას აზიანებს.
„მსგავსი ტიპის შედარებები საგარეო პოლიტიკას აზიანებს, მით უმეტეს, ქვეყნის პრემიერი ხარ, პრეტენზია გაქვს მულტუვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, გამოდიხარ და ჩინეთის ეკონომიკურ, სტრატეგიულ მდგომარეობას, ურთიერთობას ადარებ შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობასთან, მაშინ როდესაც ამერიკა დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, პოლიტიკის წარმოებისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი, უძლიერესი პარტნიორი“, – განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს გაიმართება.