ფაქტია, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო. ერთადერთი, ვისაც ეს ომი აწყობდა და დღემდე არ წყვეტს, რუსეთია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა დღეს იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საკუთარი მომავლისა და ქვეყნის პერსპექტივის გადარჩენისთვის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ ბრძოლაში. რაც შეეხება პაპუაშვილის პოსტს, დღეს თუ ვინმეს აწყობს ეს ომი და ვინც ამ ომის ერთადერთი უმთავრესი ინიციატორია, ეს რუსეთის ფედერაციაა. გულდასაწყვეტია „ქართული ოცნების“, როგორც ქართული მხარის მსგავსი ტიპის შეფასებები ჩვენი მეგობარი ქვეყნის ამ დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით. არცერთი ომი კაცობრიობას ხელს არ აძლევს, პირიქით, ქვეყნების ნორმალურ განვითარებას აზიანებს. ომი ნამდვილად არ უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას ვერ მოიყვანენ, რომ საქართველოს პარნტნიორი და სტრატეგიული ქვეყნები ქვეყნის ომში ჩართვას ან ოფიციალურად კონკრეტულ სანქციებზე მიერთებას სთხოვდნენ.
„უკრაინის ომში ერთ-ერთი მხარე, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და აგრესორი რუსეთია და შენ, როგორც ქართული მხარე, შენი პოლიტიკის შედეგად აგრესორ ქვეყანასთან და ოკუპანტ მტერთან მარტო რჩები, ბუნებრივია, ეს გამართლებული პოლიტიკა არ არის. ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართულმა ოცნებამ“ისეთი პოლიტიკა აწარმოა, რომ დღეს, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ოკუპანტ მტერთან, სამწუხაროდ, ერთი ერთზე ვართ დარჩენილი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კეთილგონიერების იმედს ვიტოვებ. „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურმა და გაუაზრებელმა პოლიტიკამ ქვეყანა ოკუპანტ მტერთან მარტო დატოვა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.