გიგა ფარულავა – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მონაცემები არ ასახავს იმ ობიექტურ და მძიმე მდგომარეობას, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება
შსს-ს ეს კონკრეტული სტატისტიკა, ჩვენდა სამწუხაროდ, იმ რეალობას არ ასახავს, რაც ქუჩაში ხდება და რა მდგომარეობაშიც ჩვენი მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის გუშინდელ განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში განზრახ მკვლელობის 532 ფაქტია რეგისტრირებული.
მისივე თქმით, უახლოესი რამდენიმე თვის მონაცემები რომ აიღოთ, საქართველოში ძალიან მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა.
„ჩვენ სამწუხარო ფაქტებს ვხედავთ, რასაც ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ეწირებიან. ერთი კვირის წინ იყო ერთი უმძიმესი ფაქტი. ქუჩაში დღისით, მზისით მკვლელობები ხდება. ნაცვლად იმისა, რომ შსს მოწოდებული იყოს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისკენ, პოლიტიკური გუნდი დაკავებულია იმით, რომ „ფეისბუქზე“ აკონტროლოს ვიღაცების სტატუსები და ამის გამო ხალხს დევნიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, როდესაც ეს ობიექტური რეალობა გულზე ხვდება და რაც არ უნდა თქვან და ამტკიცონ, რომ ეს სტატისტიკა გაყალბებულია, ჩვენი მოქალაქეები ამ რეალობას ხედავენ. არავის არ უხარია ის მდგომარეობა, რაც არის. ეს კონკრეტული უწყებები არა თუ სტატისტიკის გადაწერით, ან გაყალბებით, ან რაღაცის დამალვით, დაფარვით თუ მიმატება-გამოკლებით უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ დაკავებული უნდა იყვნენ რეალური ქმედითი ღონისძიებებით.
ვიკა ფილფანს საიდან ჰქონდა ეს კონკრეტული სტატისტიკა, მე არ ვიცი, შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მონაცემები არ ასახავს იმ ობიექტურ და მძიმე მდგომარეობას, ჩვენს ქუჩებში რაც ხდება. კონკრეტული მონაცემები, რასაც შსს პერიოდულად აქვეყნებს, ობიექტურ რეალობას არ ასახავს“, – განაცხადა ფარულავამ.