გიგა ბუკია - რევოლუციურ სცენარებს „კონსერვატორები“ მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას ვემხრობით
გიგა ბუკია - რევოლუციურ სცენარებს „კონსერვატორები“ მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას ვემხრობით

ჩვენ ვართ მომხრე, ქვეყანაში ხელისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით იცვლებოდეს. რევოლუციურ სცენარებს ჩვენ, „კონსერვატორები“ მხარს არ დავუჭერთ, – ამის შესახებ დეპუტატმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, რომლის ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ბუკიას განცხადებით, „კონსერვატორები“ აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ.

„დღეს ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე აქციაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას. აქციის გამართვა და პროტესტის გამოხატვა ლეგიტიმური უფლებაა. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მოახერხოს ყველამ თავისი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვართ მომხრე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით იცვლებოდეს. რევოლუციურ სცენარებს ჩვენ, „კონსერვატორები“ , მხარს არ დავუჭერთ. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ოპოზიცია მორალურ უპირატესობაშია, ვინაიდან ხელისუფლებამ მოატყუა არა ოპოზიცია, არამედ მოსახლეობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, უმრავლესობის პრობლემა არ არის ოპოზიციის პროტესტი, არამედ არის ის, რომ მოსახლეობასთან აქვთ თავის გასამართლებელი.

„ოპოზიციის ერთიანობა და ოპოზიციის პროტესტი კი არ არის პრობლემა, როდესაც შენს მოსახლეობასთან გაქვს თავი დახრილი და გასამართლებელი ეს არის დღევანდელი უმრავლესობის პრობლემა, რასაც „კონსერვატორებმა“ მხარი არ დავუჭირეთ და განვერიდეთ“, – აღნიშნა ბუკიამ.

როგორც დეპუტატი ამბობს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედონ, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე არ მიიყვანონ.

„რაც შეეხება პიკეტირებას და აქციას, შეიძლება, ეს ცოტა კანონთან შესაბამისობაში არ იყოს, მაგრამ ორივე მხარე, ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს ვალდებულია, გადაწყვეტილებები ისე მიიღონ, რომ ამ დაპირისპირებაში, ცეცხლს ნავთი არ დაასხან და ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე არ მიიყვანონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხრიდან გაბრაზება რეალურად ბევრად მეტია, ვიდრე ამის გამოსახატად მივიდნენ.

ამასთან, გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე აუცილებლად დამტკიცდება.

„სახელმწიფო ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება. არ ვფიქრობ, რომ აქციები თვენახევარი ასეთი პიკეტირების ფორმატით გაგრძელდეს“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.