გიგა ბოკერიას პასუხი კითხვაზე, რატომ მიიტანეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეშა და კასრები - თქვენ გაინტერესებთ, რა ჯიშის მერქანია შეშა?
გიგა ბოკერიას პასუხი კითხვაზე, რატომ მიიტანეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეშა და კასრები - თქვენ გაინტერესებთ, რა ჯიშის მერქანია შეშა?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მეორე დღეა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან, შეშა და კასრები მიიტანეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნულ კასრებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა: „თქვენ გაინტერესებთ, რა ჯიშის მერქანია შეშა? ცივა, ხალხი იქნება, თუ საჭირო იქნება, მთელი ღამე, როგორც ეს იყო რუსთაველზე პროტესტის დროს. მე მახსოვს, სამარცხვინოდ კომიკური მდგომარეობა, როდესაც შეშაზე და წალამზე დასდევდნენ ადამიანებს. მეც კი დამაკავეს ცოტა ხნით წალამის კონტრაბანდაზე“, – აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუშინდელი საღამოს შემდეგ არც მისი, არც „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არ შეცვლილა. ბოკერიას უნდა, „ეს უტიფარი, უკანონო და თავხედური დანაშაულებრივი შეცდომა ივანიშვილის რეჟიმმა არ დაუშვას.

„ვურჩევდი, მათივე პოლიტიკური ტყავის ინტერესით, ეს დანაშაული არ ჩაიდინონ. მაგრამ თუ ეს მოხდა, რასაც ივანიშვილის რეჟიმისა და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვის პირობებში ვერ გამოვრიცხავთ, მაშინ ჩვენი პოზიცია ცნობილია. ის დრო, როცა მეც სწორად მიმაჩნდა, დემონსტაციულად კანონს დამორჩილება, მაშინაც კი, როცა ღიად პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი, როგორც მოიქცა თავის დროზე გიგი უგულავა – იმ დროისთვის სწორად, დღეს ამ მატარებელმა ჩაიარა. როცა ხელისუფლება და ეს რეჟიმი დგამს იმ ნაბიჯებს, რაც გადაიდგა, შენ სამაგალითოდ უნდა მოიქცე, მაგრამ როცა კანონის უზენაესობის უტიფრად დარღვევა ხდება და ეს ყველაფერი მივიდა არჩევნების მოპარვამდე, მივიდა 8 მარტის დარღვევამდე, მივიდა გავრილოვის ღამის შემოქმედების მხრიდან ოპონენტის დაჭერამდე, ეს დრო წასულია. მათ მოუწევთ ძალის გამოყენება არა მარტო მელიას წინააღმდეგ, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამას აპროტესტებს. ფიზიკური ძალის გამოყენება მოუწევთ ჩვენს წინააღმდეგ, აქ ბევრი ხალხი იქნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.