გიგა ბოკერიას აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებთან მიმართებით გაკეთებული არჩევანი მცდარია
გიგა ბოკერიას აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებთან მიმართებით გაკეთებული არჩევანი მცდარია

„ევროპულ საქართველოს“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები აქვს ორმხრივი, სამმხრივი ენერგიის შესაქმნელად იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ეს იქნება გონივრული ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებთან მიმართებით გაკეთებული არჩევანი მცდარია.

„ეს მათი უფლებაა. კონკურენტები ვართ ყველგან, რადგან საზოგადოების დაკვეთით, ოპოზიციის აქტიურობითა და თავისუფალი სამყაროს მეშვეობით, პროპორციულ არჩევნებს მივაღწიეთ. ცივილიზებული კონკურენტები უნდა ვიყოთ ივანიშვილის წინააღმდეგ. მოკავშირეები ვართ იმ ეროვნულ ამოცანაში, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია.

მცდარია გადაწყვეტილება, რომ თბილისის გარეთ იგივე არ მოხდა, რაც დედაქალაქში.

ეს ამბავი ჩავლილია და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გზა აირჩია, რაც მათი უფლებაა. ეს გადაარჩენს ივანიშვილის რეჟიმს? – ვერა. საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება გადაზღვევა იყო რისკების, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ივანიშვილმა ქვეყანას. ეს სერიოზული საკითხია, როცა საქმე გვაქვს არასტაბილურ, ნევროზულ და უპრინციპო რეჟიმთან, რომელიც უკვე ისტერიკაშია ძალაუფლების დაკარგვაზე.

თბილისში სრული გამარჯვება ექნება ოპოზიციას, რეგიონებში იქნება ადგილები, სადაც გამარჯვება პირველ ტურში მოხდება, მაგრამ ასევე იქნება მეორე ტურები, სადაც ოპოზიციის ჭრელი სპექტრი იქნება წარმოდგენილი. მეორე ტურიც იქნება რეფერენდუმი ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე და ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.