გიგა ბოკერია ზვიად ფხაკაძეს - ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში, გაეცით პასუხი კითხვებს და იყავით ჩუმად, როცა კითხვას არ გისვამენ
გიგა ბოკერია ზვიად ფხაკაძეს - ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში, გაეცით პასუხი კითხვებს და იყავით ჩუმად, როცა კითხვას არ გისვამენ

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს მიმართა, რომ კამათსა და პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს და მხოლოდ კომისიის წევრების კითხვებს გასცეს პასუხი.

გიგა ბოკერიას აღნიშნული განცხადება საქმის მოწმეებთან დაკავშირებით დეპუტატ ირაკლი აბესაძესა და ზვიად ფხაკაძეს შორის კითხვა-პასუხს მოჰყვა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, უკმაყოფილების შემთხვევაში, ფხაკაძეს შეუძლია ბრიფინგი ჩაატაროს და საკუთარი მოსაზრება იქ დააფიქსიროს, კომისიის სხდომაზე კი, მხოლოდ კითხვებს უნდა უპასუხოს.

„მოთმინება, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე. ვინც კითხვას გისვამთ ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ მერე ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. აქ პოლიტიკურ დებატებში შესვლა და შეფასება როგორ იმუშავეთ,…ნუ მაწყვეტინებთ, მოთმინებამეთქი თუ შეიძლება. ვერ მისმენთ, ვერ იკავებთ თავს და პატივი ეცით კომისიას“, – მიმართა ბოკერიამ ფხაკაძეს.

ამასთან, დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ კომისიის წევრებს მიმართა და ურჩია, მათ საკუთარი შეხედულებისამებრ თავიანთი გამოსვლისას ისაუბრონ. ბოკერიას თქმით, საზოგადოება შეაფასებს, ვინ ჩხუბობს სხდომაზე და ვინ ცდილობს ადვოკატირებას.

„სამუშაო რეჟიმი გულისხმობს, რომ თქვენ გისვამენ კონკრეტულ კითხვას, თქვენ პასუხობთ – კი ან არა. მერე ვინც კითხვა დაგისვათ, იმის საქმეა თავისივე დროის ლიმიტში შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. საზოგადოება განგვსჯის, დამაჯერებელია თუ არა პასუხი, რომ კამერას სანამ ამოვიღებდით და ვნახავდით, რა ვიცოდით ზედ რა იყოო, ეს რამდენად დამაჯერებელია მერე ვნახავთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მან პროკურორ ფხაკაძეს ურჩია, ჩუმად იყოს, როცა კითხვას არ უსვამენ.

„აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში. თქვენი შეფასებები და  მორალის კითხვა რას მოიტანდა, არ გვაინტერესებს ჩვენ. გაეცით პასუხი კითხვებზე და მერე თუ დაგრჩებათ უკმარისობის გრძნობა, არავინ ზღუდავს თქვენი სიტყვის თავისუფლებას ამ კომისიის გარეთ ან სხვა კომისიის წევრებისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისას. ახლა გასაგებია თქვენთვის? კი თუ არა? იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას“, – მიმართა ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.