გიგა ბოკერია - ზოგიერთი მხარდამჭერის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კრიტიკა და უიმედობის ქადაგება შედეგის მომტანი არ არის, ახლა ყველა მობილიზებული უნდა იყოს, რათა ქვეყანას ცვლილებები მოვუტანოთ
გიგა ბოკერია - ზოგიერთი მხარდამჭერის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კრიტიკა და უიმედობის ქადაგება შედეგის მომტანი არ არის, ახლა ყველა მობილიზებული უნდა იყოს, რათა ქვეყანას ცვლილებები მოვუტანოთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი.

„უკვე მრავალი კვირაა, მთავარი დისკუსიის საგანი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით არის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, ვინ უერთდება, ვინ არა, ვინ წყვეტს ბოიკოტს და შედის პარლამენტში. „ევროპულ საქართველოს“ ჩვენი მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს და საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინ გადაწყვეტილება მიიღო ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ბუნებრივია, საზოგადოებას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, ინტერესი იყო, მოესმინათ ამ დროის განმავლობაში ყველა პოლიტიკური მოთამაშის არგუმენტები. არგუმენტები ჰქონდათ ჩვენს კონკურენტებსა და პარტნიორების, ვინც ჩვენი აზრით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენი პოზიცია არის ასევე კვლავ მკაფიო. ისევ ამ დისკუსიის უსასრულო გაგრძელება არაფერს მოუტანს საზოგადოებას. არ მოუტანს იმ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც აუცილებლად ჭირდება ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ. ამიტომ ახლა, ეს დისკუსია უნდა დასრულდეს. ყველას პოზიცია ცნობილია. ახლა ყველა, ვისაც აქვს რეალური სურვილი, იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მშვიდობიან პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს. რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციების დაწყებას კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც აუცილებელია, რათ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი. რომ ამ არჩევნების შედეგად შესაძლებელი იქნება კრიზისიდან რეალური გამოსვლა. ამას სჭირდება კონსულტაციები და ჩვენ მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაცია, რომელიც დგას მათ წინაშე, რასაც „ევროპული საქართველო“ უკვე ვაკეთებთ და გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია ამბობს, რომ მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კრიტიკა და უიმედობის ქადაგება შედეგის მომტანი არ არის.

მისივე თქმით, ახლა თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ფოკუსირებული, რომ ქვეყანაში ცვლილებები იყოს.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას, იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკა აქტიურად აინტერესებს, საპროტესტო ამომრჩეველს, რომელიც არის კრიტიკული უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა, მოვუწოდო, პოლიტიკური პარტიები ხშირად იმსახურებენ კრიტიკას, ხშირად იმსახურებენ ცინიკურ დამოკიდებულებასაც კი მოქალაქეების მხრიდან და ეს ბუნებრივია, ნორმალური პროცესია, როდესაც მოქალაქეები ეჭვით უყურებენ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ამასთან ერთად, ზოგიერთი მომხრეს მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კრიტიკა და უიმედობის ქადაგება არაა იმ შედეგის მომტანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ახლა მთელი საზოგადოების აქტიური ნაწილის ფოკუსი უნდა იყოს გადართული, როგორ მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის მობილიზება, რათა მოვუტანოთ ცვლილება ჩვენს ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წინ გველის უმძიმესი პერიოდი, ზიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მოიტანა, მეტად გაღრმავდება, ვიდრე ეს ადამიანები და მათი გარემოცვა არიან ძალაუფლებაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.