გიგა ბოკერია - ყველა საკითხი თუ წყდება და რჩება საკითხი, ვადამდელ არჩევნებამდე როგორ მივიდეთ, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს კომპრომისი არის შესაძლებელი​
გიგა ბოკერია - ყველა საკითხი თუ წყდება და რჩება საკითხი, ვადამდელ არჩევნებამდე როგორ მივიდეთ, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს კომპრომისი არის შესაძლებელი​

დემოკრატიული ოპოზიციისთვის ამოცანაა, რომ შეთანხმება შედგეს და გამოსავალი იყოს ნაპოვნი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„კარგია, რომ ბატონი დანიელსონი რჩება ხვალაც, კობახიძის, ჩემი აზრით, სკანდალური განცხადების შემდეგ. თუ შანსი არსებობს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან გონივრულ შეთანხმებაზე ყველა იმ პუნქტის მიმართულებით, რაც მოხაზა პრეზიდენტმა მიშელმა, დემოკრატიული ოპოზიციისთვის, იმ გუნდისთვის რომელსაც მე წარმოვადგენ, ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს და გამოსავალი იყოს ნაპოვნი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პლებისციტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კომპრომისი შესაძლებელია.

„დეტალებზე რაზე იყო შეხვედრაზე ვერ ვისაუბრებ. ყველა საკითხი თუ წყდება და რჩება ეს საკითხი, ვადამდელ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ, რომ ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს კომპრომისი არის შესაძლებელი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.

დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.